ცოტნე გამსახურდიას საქმეზე დაკავებული პეტრე ყუფარაძის ოჯახი არ ეთანხმება გამოძიებას იმასთან დაკავშირებით, რომ მან პოლიციას დანაშაულის შესახებ არ შეატყობინა.
"ჩემი შვილი დასაფლავებაზე იყო რუსთავში, რუსთავიდან ჩამოვიდა და შემთხვევით შეესწრო მაგ ამბავს, ცოტნე ნახა დაჭრილი, სისხლი სდიოდა და ჩამეკეცა ხელებშიო, ვინც იყვნენ გაქცეულან და ხომ არ გავეკიდებოდიო. გამოუძახა სასწრაფო დახმარებას, წაიყვანეს და წაყვა თვითონ,"- აცხადებს ყუფარაძის მამა.
შეგახსენებთ, ცოტნე გამსახურდია ვერაზე საკუთარ სახლთან 19 დეკემბერს დაჭრეს, მას ბასრი საგნით რამდენიმე მძიმე ჭრილობა მიაყენეს, რის გამოც მას გადაუდებელი ოპერაციები დასჭირდა.
განზრახ მკვლელობის მცდელობის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით და 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. ამ საქმეზე 5 პირია დაკავებული.