რუსეთის ფედერაციაში ექსტრადირებული ეთნიკურად ჩეჩენი პატიმრის, რამზან ახიადოვის შესახებ ინფორმაციას, იუსტიციის სამინისტროს უარის მიუხედავად არასამთავრობო სექტორი მაინც მიიღებს.
"ადამიანის უფლებათა ცენტრმა" და "უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა" სამინისტროსგან საჯარო ინფორმაცია სასამართლოს ძალით მოითხოვა.
"ადამიანის უფლებათა ცენტრის” აღმასრულებელი დირექტორი ალეკო ცქიტიშვილი აღნიშნავს, რომ იუსტიციის სამინისტრომ არ გასცა საჯარო ინფორმაცია რამზან ახიადოვის შესახებ, ამიტომ ის სამართლებლივ დავას იწყებს.
"ჩვენ საჯარო ინფორმაცია გამოვითხოვეთ სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით, გვაინტერესებს რა პირობებში იმყოფება დღეს რამზან ახიადოვი. იმედი მაქვს, სასამართლო დაავალდებულებს იუსტიციის სამინისტროს, რომ ეს ინფორმაცია გასცეს," - აღნიშნა ალეკო ცქიტიშვილმა.
"ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" სისხლის სამართლის ადვოკატი ქეთი ჩუთლაშვილი აღნიშნავს, რომ არსებულ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროსგან სამართლებრივი გზებით მიიღებს.
"კერძოდ გვაინტერესებს, იუსტიციის სამინისტრომ განახორციელა თუ არა შესაბამისი მონიტორინგი და რა პასუხები მიიღო რუსეთის ფედერაციისგან, მიმართვის მიუხედავად იუსტიციის სამინისტროსგან ინფორმაცია ვერ მივიღეთ, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ საქალაქო სასამართლოსთვის მიგვემართა," - განაცხადა ქეთი ჩუთლაშვილმა.