"კურიერმა" ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე ახალი დეტალები გაარკვია. არსებული ინფორმაციით, 19 დეკემბერს იმ დღეს, როდესაც ცოტნე გამსახურდია დაჭრეს, ის და მისი მეგობრები გალის 23 ნომერში, კახა კერესელიძის ოჯახში იყვნენ შეკრებილნი, სადაც ბადრი ჩხეტიანის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ, რომელიც რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა.
როგორც ირკვევა, დაპირისპირება მხარეებს შორის დაახლოებით 6 საათისთვის დაიწყო, მაშინ როდესაც ყუფარაძე სუფრის წევრებს შეუერთდა, თუმცა მომხდარის დეტალები მან ზუსტად არ იცოდა. როგორც ყუფარაძე ამბობს, მან მოისმინა როგორ კამათობდნენ ჩხეტიანის ნათესავები ცოტნე გამსახურდიასთან ღვინის თაობაზე, რომელიც სუფრასთან სწორედ გამსახურდიამ მიიტანა. ჩხეტიანის ძმა, რომელიც დანაშაულის დაფარვის ბრალდებით უკვე დააკავეს, ითხოვდა, რომ ცოტნე გამსახურდია არსებული სიტუაციიდან გაერიდებინათ და გარეთ გაეყვანათ, ამის შემდეგ კი, დაპირისპირება ქუჩაში იწყება.
"კურიერის" ინფორმაციით, პირველი დარტყმა ცოტნე გამსახურდიამ სონღულაშვილზე განახორციელა, რის შემდეგაც ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო. ასევე ცოტნე გამსახურდიამ დაზიანებები მიაყენა ტატო ღარიბაშვილსაც, რომელიც ყავარჯნებით იმყოფებოდა. სწორედ ღარიბაშვილი იყო, რომელმაც გამსახურდიას თავის არეში ყავარჯნით მიაყენა რამდენიმე დაზიანება.
რაც შეეხება ყუფარაძეს, ის ცოტნე გამსახურდიას ბავშვობის მეგობარია, რომელიც შემთხვევის ადგილზე ბოლო წამამდე იმყოფებოდა და სწორედ მან მიაწოდა პირველად ინფორმაცია კრიმინალურ პოლიციას გამსახურდიას დაჭრის თაობაზე. ირკვევა, რომ ყუფარაძე გამსახურდიას საავადმყოფოში გაჰყვა. შემდეგ კი, ის პოლიციაში გადაიყვანეს სადაც ნაწილობრივ ყვება მომხდარის დეტალებს.
დღეს ყუფარაძე აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობაში რჩება.