საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხთან დაკავშირებით გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს როზმარი დიკარლოს ესაუბრა.
სატელეფონო საუბრისას კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საოკუპაციო რეჟიმის უკანონო გადაწყვეტილების მიუღებლობას. აღინიშნა, რომ ექიმის უკანონო დაკავება და პატიმრობა წარმოადგენს დესტრუქციულ ქმედებას და ამძიმებს ადგილზე არსებულ რთულ ჰუმანიტარულ ვითარებას. ხაზი გაესვა მსგავსი უკანონო ქმედებების მიმართ საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციის მნიშვნელობას.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა გაერთიანებული ერების ორგანიზაციას, საკითხის მიმართ გამოჩენილი ყურადღებისა და ჩართულობისთვის. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ პროცესი ახლო მომავალში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებით დასრულდება.
ინფორმაციას სატელეფონო საუბრის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.