ვინ დაიწყო დაპირისპირება, რომელსაც პირველი პრეზიდენტის შვილის ცოტნე გამსახურდიასთვის მძიმე დაზიანებების მიყენება მოჰყვა - 19 დეკემბერს მომხდარი სისხლიანი გარჩევის ყველა დეტალი "კურიერმა" გაარკვია და ათამდე ჩვენება მოიპოვა, რომელშიც დეტალურად არის აღწერილი გალის ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევა.
მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული პირები ქვეყნის დატოვებას ცდილობდნენ. იმ ჩვენებებში, რომელიც დღეს "კურიერმა" მოიპოვა, არის ერთ-ერთი ბრალდებულის გიორგი სოლოღაშვილის ჩვენებაც. სოლოღაშვილმა ცოტნე გამსახურდიას დაჭრა აღიარა.
აღსანიშნავია, რომ საქმეში სუფრის დანა და ყავარჯენი ფიგურირებს. ყველა მოწმე ამბობს, რომ ჩხუბი პირველმა თავად ცოტნე გამსახურდიამ დაიწყო. ჩვენებების მიხედვით ირკვევა რომ სტუმრად მისული ცოტნე გამსახურდია მთელი საღამო აგრესიულობით გამოირჩეოდა. დაპირისპირება კი ყოფით საკითხზე დაიწყო.
ჩვენებების მიხედვით მომხდარის შემდეგ, გიორგი სოლოღაშვილმა და მისმა ძმამ თორნიკე ქვათაძემ გალის ქუჩა გოგებაშვილის ქუჩის გავლით დატოვეს. ადგილზე კი დარჩა მათი მეგობარი, ყავარჯნიანი ტატო ღარიბაშვილი. როგორც ერთ-ერთი თვითმხილველი ჩვენებაში ჰყვება - ღარიბაშვილს ერთი ყავარჯენი ცოტნე გამსახურდიამ წაართვა, რომლითაც ასევე მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ ღარიბაშვილს რამდენჯერმე მოუქნია. მოგვიანებით კი ღარიბაშვილმა გამსახურდიას მძიმე ჭრილობები მიაყენა.
ყავარჯნიანმა მამაკაცმა, ჩვენებების მიხედვით აუღელვებლად დატოვა ტერიტორია. ამ დროისთვის მომხდარს უკვე ათობით თვითმხილველი ყავდა და სისხლიანი გარჩევა გალის ქუჩის მცხოვრებლებთან ერთად ნახეს იმ პირებმა, ვინც ახლოს მდებარე ვულკანიზაციაში იმყოფებოდნენ. მეორე დილით სისხლიანი გარჩევის ყველა მონაწილე, გარდა პეტრე ყუფარაძისა, ქუთაისის მიმართულებით კახა ჩხეტიანის ნათესავთან გაემგზავრნენ. ჩხეტიანი ქუთაისში დარჩა, დანარჩენებმა კი სარფის გამშვები პუნქტისკენ გზა განაგრძეს. ჩხეტიანს პოლიციამ ნათესავის სახლში მიაკვლია, გაქცეული ძმები და ღარიბაშვილი კი სარფის საბაჟო გამშვებ პუნტთან შეაჩერეს. ყველა მათგანი პოლიციის მოთხოვნას დაემორჩილა და თბილისში, განყოფილებაში გამოცხადდნენ, სადაც ისინი დააკავეს. პოლიციამ ჩხეტიანის ქუთაისელი ნათესავიც გამოკითხა.
ამ დრომდე საქმეში არ დევს მთავარი მტკიცებულება - 2 დანა, რომლითაც ცოტნე გამსახურდიას დაზიანებები მიაყენეს. თუმცა ამოღებულია ბლაგვი საგანი, ანუ ყავარჯენი, რომელიც დაპირისპირებების დროს გატყდა. სწორედ ყავარჯნებით მიაყენეს დაზიანება პირველი პრეზიდენტის შვილს თავის არეში, მეორე ყავარჯნით კი დაზიანდა ტატო ღარიბაშვილი, რომელსაც ექსპერტიზა უნდა ჩაუტარდეს. ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ თითქოს ღარიბაშვილი და სოლოღაშვილი, რომლებიც ახლა განზრახ მკვლელობის მცდელობაში, დამამძიმებელ გარემოებაში არიან ბრალდებულები, წარსულში ქურდობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს გერმანიასა და საფრანგეთში გაასამართლეს.სოლოღაშვილის ადვოკატის თქმით, არცერთი მათგანი ნასამართლევი არ არის.
ჯგუფურად ჩადენილ დანაშაულში ბრალდებულების უმკაცრესად დასჯას ითხოვს ცოტნე გამსახურდიას ადვოკატი, რომელიც დარწმუნებულია რომ დამნაშავე პირთა წრე უნდა გაიზარდოს.
მისი დაცვის ქვეშ მყოფის უდანაშაულობაში დარწმუნებულია ვაჟა არობელიძე. ის პეტრე ყუფარაძის უფლებებს იცავს. ცოტნეს მეგობარი შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა და კრიმინალურ პოლიციას დაჭრილის ვინაობა პირადად გაუმხილა. ყუფარაძე ჩვენების მისაცემად დაჭრის ღამეს საავადმყოფოდან წაიყვანეს, რა დროსაც პოლიციას არასრული ინფორმაცია მიაწოდა, დაკავების შედეგ კი გამოძიებასთან სრულად ითანამშრომლა. ადვოკატი სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.
ყუფარაძის უდანაშაულობაში დარწმუნებულია ცოტნე გამსახურდიას მეუღლეც, თუმცა ანა ჯაბაური მომხდარის განსხვავებულ ვერსიაზე საუბრობს, ის დარწმუნებულია რომ რომ პირველი პრეზიდენტის შვილზე თავდასხმა მოხდა, რა დროსაც გამსახურდია სასიკვდილოდ გაიმეტეს. კითხვის ნიშნები აქვს ცოტნე გამსახურდიას ძმას, მისთვის გაუგებარია, რატომ გაათავისუფლეს თორნიკე ქვათაძე.
დღის ბოლოს ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ექიმების გუნდმა იმსჯელა და დეტალური ინფორმაცია მის ოჯახს გააცნო. ამ დროისთვის საზღვარგარეთ მისი მკურნალობის გაგრძელების აუცილებლობა არ დგას.