ქუთაისში სამოქალაქო მოძრაობა "გაბედეს" წევრებმა მერიასთან ბრიფინგი გამართეს და შერჩევითი სამართალზე ისაუბრეს. მათი თქმით, ქალაქში ბუჩქებზე ფოტოების დაკიდების გამო 1000 ლარით დააჯარიმეს.
"გაბედეს" წევრის გაგი ახალაძის განცხადებით, მერიიდან 1000 ლარის ოდენობით დაჯარიმების შესახებ შეტყობინება გუშინ მიუვიდათ. გაგი ახალაძე ჯარიმის გადახდას არ აპირებს.
"ორი კვირის წინ ე.წ. ბიძინას სათამაშოების ნაძვის ხეზე დაკიდება ვცადეთ, რისი უფლებაც არ მოგვეცა, ამიტომ ბუჩქებზე დავკიდეთ ეს სურათები. გუშინ მომივიდა 1000 ლარიანი ჯარიმა, თითქოს ბუჩქები დავამახინჯეთ. ეს არის შერჩევითი სამართალო. მათმა მხარდამჭერებმა კულტურული ძეგლები დააზიანეს და ერთი შენიშვნა არ უთქვამთ და მე ჯარიმა მომივიდა," - განაცხადა გაგი ახალაძემ.
მისი თქმით, ასევე დაჯარიმდა ოპოზიციის წევრი გოგი წულაია.
მერიის ზედამხედველობის ინფორმაციით, 150-ე მუხლის მესამე ნაწილით გამოიწერა ჯარიმა, რაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის არეალში რამე ნივთის თვითნებურად დაკიდებას გულისხმობს და რაც დასჯადია. საკითხზე ქუთაისის საქალაქო სასამართლო იმსჯელებს.