18 ნოემბერი 2024,   08:32
ვრცლად
ატენის ტყიდან ხანძარი რკონის ხეობაშიც გავრცელდა - ცეცხლის კერების ჩაქრობა ამ დრომდე გრძელდება

ატენის ხეობაში ხანძრის მეორე კერა გაჩნდა - ცოტა ხნის წინ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ შემთხვევაში საუბარია რკონის ტყეზე.

ცეცხლის კერა როგორც სოფელ ორმოცის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე რკონის ტყეში გაჩნდა. ვითარება უცვლელია. უკვე 15 საათზე მეტია ტყეში გაჩენილ ხანძარს ვერ აქრობენ. საგანგებო ჯგუფებს რთული რელიეფი უშლის ხელს.

სოფელ ორმოცის მიმდებარედ გაჩენილი ხანძრის შემთხვევაში დაკვამლიანების ფართობი  7 ჰექტარს შეადგენს. ორივე ლოკაციაზე მუშაობს როგორც სპეცტექნიკა, ასევე ცოცხალი ძალა.

ცეცხლის ქრობის პროცესში მეორე ვერტმფრენიც ჩაერთო. ტერიტორიაზე ასევე გამოჩნდა თავდაცვის ძალების საინჟინრო დანაყოფი და მუხლუხოვანი ტექნიკა. სწორედ ამ ტექნიკის გამოყენებით ცდილობენ, რომ გზა მიუვალ ტერიტორიამდე მიიყვანონ, სადაც ცეცხლის აქტიური კერები ფიქსირდება.

"ატენის ხეობაში აქტიურად მიმდინარეობს სალოკალიზაციო სამუშაოები. რაც შეეხება რკონის ხეობას, აქტიურად მუშაობს ასევე ვერტმფრენი, როგორც ატენის ხეობაში და მობილიზებულია ცოცხალი ძალაც, ასევე სპეცტექნიკაც. იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში გვექნება საშუალება გამოვაცხადოთ ხანძარი ლოკალიზებულად," – აღნიშნა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

ორივე ცეცხლის კერა დასახლებული პუნქტიდან დაახლოებით 15 კილომეტრით არის დაშორებული და შესაბამისად საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ ცეცხლის დასახლებულ პუნქტამდე ჩამოსვლის რისკები არ არსებობს.

შემთხვევის შესახებ  გამოძიება დაიწყო და სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

დღის ამბები