ცოტნე გამსახურდიას ოჯახი და ადვოკატი საქმის ახალ დეტალებზე საუბრობენ. მათ ნეიტრალური მოწმის ჩვენებების შესახებ ინფორმაცია "კურიერს" მიაწოდეს.
როგორც გამსახურდიას ადვოკატი ყვება, სუფრასთან, სადაც დაპირისპირება დაიწყო, ათამდე პირი იმყოფებოდა და შელაპარაკება მნიშვნელოვან თემას არ მოყოლია. ხუთმა პირმა კი სუფრა გამსახურდიაზე 20 წუთი ადრე დატოვა.
ადვოკატის თქმით, აუცილებელია გამოძიებამ დაადგინოს, უკავშირდება თუ არა დანაშაულის მოტივი წარსულში დაწყებულ პირად კონფლიქტს.
"ბრალდებულები ცოტნე გამსახურდიას ჭიშკართან ელოდებოდნენ. გაქტობრივად სასიკვდილოდ გაიმეტეს, იმ სისასტიკით, რა ჭრილობებიც მას აქვს მიყენებული. ამ სისასტიკეს შევადარებდი, ხორავას ქუჩის საქმეზე მომხდარ სისასტიკეს.
იმ სუფრაზე ისეთი უმნიშვნელო საბაბი იყო, რომ ამას არ შეიძლება ასეთი მძიმე დაპირისპირება მოყოლოდა. მომხდარი ცოტნე გამსახურდიას და კახა ჩხეტიანის ძველ წყენას უკავშირდება თუ არა, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს,"- აცხადებს ადვოკატი ამირან გიგუაშვილი.
ცოტნე გამსახურდია კვლავ სამედიცინო დაწესებულების რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. ექიმების თქმით, გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
"პაციენტის მდგომარეობა ბოლო პერიოდში არ შეცვლილა, კვლავინდებურად მძიმე რჩება და შესაბამისად მკურნალობის მოცულობა რჩება უცვლელი. თუ მსგავსი წინადადება იქნება, ჩვენ მაქსიმალურად დავეხმარებით ოჯახს, რომ მისი უცხოეთში გადაყვანის ორგანიზებამ, სათანადო დონეზე ჩაიაროს," - აღნიშნავს გამსახურდია მკურნალი ექიმი ნიკა კვაჭაძე.