20 აპრილი 2024,   11:47
ვრცლად
ბიუროკრატია და დაუსრულებელი პროექტები - ხელოვანები ულტიმატუმზე კულტურის სამინისტროს პოზიცია კვლავ უცნობია

კულტურის სფეროს წარმომადგენლები უკვე მეორე დღეა ხელისუფლებას პრობლემის მოგვარებისკენ მოუწოდებენ. ხელოვანები, ღია წერილის გასაჯაროების შემდეგ, დღეს კონსულტაციების აუცილებლობაზე საუბრობენ.

ბიუროკრატია, უყურადღებოდ დატოვებული ხელოვანები, დაუსრულებელი პროექტები და დაფინანსების პრობლემები - ეს ის ძირითადი საკითხებია, რაც ხელოვანების თქმით, მცირე მთავრობის კონცეფციის შემდეგ გაღრმავდა. კულტურის სფეროს წარმომადგენლები არასწორ საკადრო პოლიტიკაზეც საუბრობენ.

წერილს, რომელსაც 100-მდე ხელოვანი და გაერთიანება აწერს ხელს, კულტურის პალატის პრეზიდენტის ხელმოწერა აკლია. დავით ოქიტაშვილი მიიჩნევს, რომ ხელმოწერის შემთხვევაში ის როგორც სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენელი იქნებოდა მხარე, რაც უხერხულობას შექმნიდა. თუმცა იხსენებს, რომ ის სამინისტროების გაერთიანების წინააღმდეგი ჯერ კიდევ გასულ წელს იყო.

კულტურის სფეროს წარმომადგენლების მოთხოვნას დღეს მოძრაობა "ლელო" შეურთდა. პოლიტიკურ გაერთიანებაში მიაჩნიათ, რომ უწყებების გამოყოფასთან ერთად აუცილებელია კულტურის განვითარების სტრატეგიაც შემუშავდეს.

"ქართული ოცნების" ყოფილი წევრები მზად არიან უწყებების გამოყოფის ინიციატივას პარლამენტში მხარი დაუჭირონ. მათთვის მთავარია, სფეროების განვითარების მიზნები სწორად იყოს წარმოდგენილი. პოლიტიკოსები თანხმდებიან, რომ სამინისტროების შეერთებით სხვადასხვა მიმართულებით პრობლემები გაჩნდა.

ხელოვანებთან ერთად, "კურიერიც" უკვე მეორე დღეა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ოფიციალურ განმარტებას ელოდება.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ უწყება ოფიციალურ განცხადებას ამზადებდა, თუმცა ამ დრომდე სამინსიტროს პოზიცია უცნობია. მედიამ კითხვების დასმა მინისტრის მოადგილისთვის ერთ-ერთ ღონისძიებაზე შეძლო.

მცირე მთავრობის კონცეფციის ფარგლებში, გასულ წელს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროების გაერთიანება მოხდა. ამ გადაწყვეტილებას კულტურის სფეროს წარმომადგენლების გარდა განათლებისა და მეცნიერების სპეციალისტებიც ხშირად აკრიტიკებენ.

დღის ამბები