18 ნოემბერი 2024,   08:48
ვრცლად
საოკუპაციო რეჟიმის ულტიმატუმი და მუქარა - რა ელის იზოლაციაში მყოფ ახალგორის მოსახლეობას

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი სოფელ ჩორჩანაში ქართული საგუშაგოების აღებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აცხადებს, რომ ახალგორის მოსახლეობა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ვერასდროს გადავა.

გზაზე, რომელიც ახალგორელებისთვის უკვე 114 დღეა ჩაკეტილია, მხოლოდ ევროკავშირის დამკვირვებლების მანქანები მოძრაობენ და ისიც რუსულ საგუშაგომდე. ოკუპირებულ ახალგორში მოსახლეობა მეოთხე თვეა, სრულ იზოლაციაშია და საკვები პროდუქტის მწვავე დეფიციტს განიცდის. ოკუპირებულ რეგიონში განსაკუთრებით მწვავედ დგას სამედიცინო პრეპარატების საკითხი.

ბოლო იმედი ახალგორელებს გუშინ გადაეწურათ, მაშინ, როდესაც. ე.წ. პრეზიდენტმა მათ ულტიმატუმი წაუყენა და უთხრა, რომ სასიცოცხლო გზას მანამ არ გახსნის, სანამ ოფიციალური თბილისი დათმობებზე არ წავა. მიუხედავად ადგილობრივების პროტესტისა, მდგომარეობა არ შეცვლილა და ახალგორელები კვლავ საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში დარჩნენ.

საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილების გამო მავთულხლართებს მიღმა საქართველოს 1500-მდე მოქალაქეა დარჩენილი. ე.წ. გადასასვლელი 4 სექტემბრიდან დღემდე მხოლოდ 4-ჯერ გაიხსნა და ისიც იმისთვის, რომ ადგილობრივებისთვის მიცვალებულის დაკრძალვის საშუალება მიეცათ. ოპოზიცია, რომელიც პროცესებს აკვირდება, ამბობს, რომ ხელისუფლება არასაკმარის ძალისხმევას იჩენს პრობლემის მოსაგვარებლად.

ხელისუფლებისთვის მიუღებელია როგორც ოპოზიციის პრეტენზიები, ასევე ბიბილოვის მუქარა. ოფიციალური თბილისის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ახალგორელების იზოლაციიდან დასახსნელად მუშაობენ.

მოახერხებს თუ არა საერთაშორისო საზოგადოება წინასაახალწლოდ მოსკოვზე პოლიტიკური ზეწოლის მოხდენას, რათა დაკეტილი გადასასვლელი გაიხსნას, უცნობია. ახალგორელებს, სავარაუდოდ, 2020 წლის შეხვედრა სრულ იზოლაციაში, რუსი სამხედროების გარემოცვაში მოუწევთ.

დღის ამბები