კიბერთაღლითობის ერთ-ერთმა მსხვერპლმა, რამდენიმე დღის შემდეგ შემთხვევით აღმოაჩინა, რომ ბარათიდან თანხა ჩამოჭრილი ჰქონდა.
მამაკაცი, რომელსაც ვინაობის გამხელა არ სურს, "კურიერთან" აცხადებს, რომ ერთ-ერთ ბარში მიმტანს სახელფასო ბარათი ანგარიშის დასაფარად გაატანა. მამაკაცი ეჭვობს, რომ მისი პირადი მონაცემების უკანონოდ მოპოვება სწორედ ამ პერიოდში მოხდა. თანხა დიდი რაოდენობის არ იყო და ამიტომ არც სამართალდამცველებს მიმართა.
ბარათიდან პირადი მონაცემების უნებართვო მოპოვებაზე საუბრობს კიბერთაღლითობის კიდევ ერთი მსხვერპლი. როგორც ახალგაზრდა მამაკაცი ამბობს, დღემდე ვერ გაარკვია, როგორ ჩამოიჭრა მისი ნებართვის გარეშე 15 წუთიანი ინტერვალებით ბარათიდან 150 ლარი. თანხის ჩამოჭრა, ღამის საათებში მოხდა, რომელიც ბანკთან დაკავშირების და დეტალებში გარკვევის პროცესს უფრო ართულებს.
ბოლო პერიოდში კიბერდანაშაულის გახშირებულ ფაქტებზე და საბანკო ბარათებთან გამარტივებულ წვდომაზე საუბრობენ კიბერუსაფრთხოების ექსპერტებიც.
სპეციალისტები აცხადებენ, რომ უკვე საქართველოშიც არსებობს რამდენიმე მეთოდი, რომლის საშუალებითაც ჰაკერები პირად ინფორმაციას მარტივად მოიპოვებენ.
ელექტრომოწყობილობა კიბერდანაშაულის ჩადენის ახალი მეთოდია, აპარატის საშუალებით მარტივად ხდება იმ საბანკო ბარათებთან წვდომა, რომელიც შესაძლოა საფულეში ან ჩანთაში გქონდეთ. ამისთვის თქვენს საგნებთან ხელსაწყოთი მინიმალური კონტაქტიც საკმარისია. ამ აპარატის საშუალებით ბარათიდან პირადი მონაცემების გადმოწერა მაქსიმალურად მოკლე დროში ხდება.
ახალი თაობის დანაშაულის პრევენცია მაქსიმალური სიფრთხილე და პირადი ინფორმაციის მაქსიმალური დაცვაა. ეს არის ამ საკითხზე მომუშავე ექსპერტების რეკომენდაციაც.
საბარათე მონაცემების თაღლითურად მოპოვების სტატისტიკა ბოლო პერიოდში საკმაოდ გაზრდილია, დაზარალებული მოქალაქეები ამ შემთხვევაში ძირითადად ბანკებს მიმართავენ. პირადი ინფორმაციის დაცვა კი ისევ მთავარ რეკომენდაციად რჩება.