26 ივნისი 2024,   15:14
ვრცლად
მეუღლის თვითმკვლელობამდე მიყვანისა და ოჯახში ძალადობის ბრალდებით დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

მეუღლის თვითმკვლელობამდე მიყვანისა და ოჯახში ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ბაკურ სორდიას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ მიიღო. პროცესზე ბაკურ სორდიას ადვოკატი არ ჰყავდა.

თავად ბრალდებულმა სასამართლოში თქვა, რომ მოწმის ჩვენება, რომლის მიხედვითაც ძალადობა სისტემატურად ხორციელდებოდა, სიმართლეს არ შეესაბამება.

დაკავებული ბაკურ სორდია გამოძიების დასრულებამდე გირაოს სახით გათავისუფლებას ითხოვს.

"ჩემს ცოლს ბოლო თვეების განმავლობაში ძმასთან არავითარი კავშირი არ ჰქონდა. დანარჩენს დაადგენს გამოძიება და ექსპერტიზა. ბავშვები არიან მძიმე მდგომარეობაში. მე დამალვას არ ვაპირებდი, ეს იყო შოკური მდგომარეობა, რომელმაც სუიციდის მცდელობამდე მიმიყვანა. ბავშვებმა დედა დაკარგეს. მეც რომ ჩავჯდე, იქნებიან სტრესში. მინდა მათთან ვიყო მანამ, სანამ ექსპერტიზა არ დაადგენს ყველაფერს.

სასამართლოს ვთხოვ, მომცეს საშუალება დასკვნების დადებამდე ვიყო ბავშვებთან. თანახმა ვარ ყველაფერზე, მხოლოდ მათთან მქონდეს კონტაქტი. გირაოს გადახდა ვერ ხერხდება, მაგრამ იყოს მინიმალური გირაო. ძმამ თუ იცოდა ეს და დამალა, ესეც დანაშაულია," - თქვა სორდიამ.

ბრალდების მხარემ კი სორდიასთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობა დააყენა და ამის რამდენიმე მიზეზი დაასახელა, მათ შორის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მიმალვის საფრთხეები.

ცოლის თვითმკვლელობამდე მიყვანისა და ოჯახში ძალადობის ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბაკურ სორდიას მეუღლემ ეკა ქარდავამ სიცოცხლე თვითმკვლელობით 28 დეკემბერს დაასრულა.

მან თავი მეზობლის სახლში მოიკლა. ოჯახი მომხდარში სიძეს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ცხედარს სხეულზე სასტიკი ცემის კვალი აღენიშნება. პოლიციამ ბაკურ სორდია მომხდარიდან მეორე დღეს აიყვანა.

დღის ამბები