იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ივანე ჩხაიძის განცხადებით, გრიპის ვირუსთან დაკავშირებით მიმართვიანობა მკვეთრადაა გაზრდილი და პაციენტების უმრავლესობა 5 წლამდე ასაკისაა. ჩხაიძე ერთ წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებს ურჩევს, ტემპერატურის მომატების შემთხვევაში აუცილებლად მიმართონ ექიმს, რადგან სწორედ ექიმმა უნდა გადაწყვიტოს, პაციენტის მკურნალობა საავადმყოფოში გაგრძელდეს, თუ სახლის პირობებში.
"მომართვიანობა მკვეთრადაა მომატებული, პაციენტების აბსოლუტური უმრავლესობა 5 წლამდე ასაკისაა. დღევანდელი მონაცემებით, 62 პაციენტი წევს იაშვილის კლინიკაში. B ტიპის ვირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები პირველ რიგში ტემპერატურის და ზოგადი მდგომარეობის სიმძიმეს განსაზღვრავს, გაცილებით მსუბუქი მიმდინარეობა ნიშნავს, რომ გართულებების რისკი არის ნაკლები, თუმცა უეცრად განვითარებული მაღალი ტემპერატურა, ყელის ტკივილი, თავის ტკივილი და სახსრების ტკივილი მიუთითებს სწორედ გრიპის ვირუსის არსებობაზე.
რეკომენდაციები ეხება, განსაკუთრებით მცირე ასაკის ბავშვებს, წლამდე ასაკის, სადაც ეს დაავადება გაცილებით მძიმედ მიმდინარეობს, ასე, რომ თუ უფრო მოზრდილ ასაკში ჩვენ შეგვიძლია რამდენიმე დღის განმავლობაში ვმართოთ პაციენტი ბინაზე, მხოლოდ და მხოლოდ ტემპერატურის დამწევი საშუალებების გამოყენებით, მცირე ასაკის ბავშვებში ჩვენ მშობლებს ვურჩევთ, რომ პირველ რიგში, თუ თქვენს შვილს 38-ზე მაღალი ტემპერატურა აქვს და ეს ყველაფერი უეცრად დაიწყო, უმჯობესია თავიდანვე ნახოს ექიმმა და მან გადაწყვიტოს თქვენი შვილის მკურნალობის ადგილი," - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.