14 ოქტომბერი 2024,   22:30
ვრცლად
საარჩევნო სისტემა - არასაპარლამენტო ოპოზიცია მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდში მონაწილეობას გეგმავს

არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრების განცხადებით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდში, რომლის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია, მონაწილეობას მიიღებენ.

"სანამ რაუნდები დაიწყებოდა, მანამდე ამბობდნენ, რომ დახურულია თემაო, სანამ თემას დახურავდნენ, მანამდე გახსნეს და თქვეს, რომ პროპორციული არჩევნები გვინდაო. ძნელია მათი ტვინის ხვეულებში ჩახედვა, ადეკვატურობის პრობლემაა,“ - აცხადებს დავით ბერძენიშვილი.

მოლაპარაკებებისგან რაიმე დადებითი შედეგის მოლოდინი არ აქვს "ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარეს. შალვა ნათელაშვილის განცხადებით, მიუხედავად მისი დამოკიდებულებისა, მოლაპარაკების მაგიდას არ მიატოვებს. 

"ასეთ ხელისუფლებას, რომელიც გვამად არის გადაქცეული, არც ერთ ქვეყანაში, არც ერთ ეპოქაში არავინ არ ტოვებს კაბინეტებში. ადრე უფრო შემეძლო რაღაც მევარაუდა და მეთქვა, რომ კიდევ არის კონსტრუქციულობის პერიოდი, შეიძლება მოესწროს ცვლილება. ჩვენ ვაგრძელებთ ამ კონსტრუქციულ დამოკიდებულებას პრობლემისადმი და არავის ვათქმევინებთ, რომ მივატოვეთ მოლაპარაკების მაგიდა, თორემ იყო კიდევ რაღაც შანსი. თუმცა, მაქვს უფლება წინასწარ შევიტანო ძალიან დიდი ეჭვი ამ შანსში,“ - აცხადებს შალვა ნათელაშვილი.

პროცესების მიზანმიმართულად ჩიხში შეყვანაზე საუბრობს პოლიტიკური მოძრაობის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი. ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან არ ჩანდა მზაობა, რომ პროცესები ჯანსაღ ვითარებას დაბრუნებოდა.

"ჩვენ ყველა ღონეს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ პროცესები დარჩეს კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოში, იმიტომ რომ ეს არის ქვეყნის ინტერესებში,“ - აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.

 

 

 

დღის ამბები