22 დეკემბერი 2024,   10:27
ვრცლად
ქვეყნის ყველაზე უხუცესი მოქალაქის, 108 წლის ჟენია ცეცხლაძის ისტორია

ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე უხუცესი მოქალაქე 108 წლის ჟენია ცეცხლაძე გურიაში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. არის აქტიური, აქვს ყოველდღიური რეჟიმი, საქმე და მიზნები. 108 წლის ჟენია ცეცხლაძე ამბობს, რომ ყველაზე უკეთ რჩევების მიცემა გამოსდის და ეს მისი საყვარელი თემაა. ქალმა, რომელიც საუკუნეზე მეტს ითვლის, დღეს რჩევა ქვეყნის ხელისუფლებასაც მისცა.

108 წლის ქალისთვის რიცხვები არაფერს ნიშნავს და მთავარი მისთვის შრომისუნარიანობაა. ხანგრძლივი ცხოვრების საიდუმლო ჟენია ცეცხლაძისთვის აქტიური ცხოვრებაა.

საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ასაკოვანი მოქალაქე გურიაში 3 შვილიშვილთან და 4 შვილთაშვილთან ერთად ცხოვრობს.

ჟენია ცეცხლაძე მიიჩნევს, რომ განვლილი ცხოვრება მას წარმატებული ჰქონდა და ოჯახიც  მყარი, თუმცა ჟენია ცეცხლაძემ "კურიერს" მისი მძიმე ცხოვრების დეტალებიც მოუყვა. მამა 1937 წელს დახვრიტეს, დედა მაშინ გარდაეცვალა, როცა პატარა იყო. მშობლების გარეშე დარჩენილი მეორე კლასის მოსწავლე ოზურგეთში მისთვის უცნობმა ოჯახმა იშვილა. ობლობაში გაზრდილი საკუთარი თავის რჩენას ჩაის პლანტრაციებში მუშაობით ახერხებდა.

მისი საყვარელი საქმიანობა ოჯახის წევრებისთვის კულინარიაში რჩევების მიცემაა. აქტიურად არის სახლის საქმეებში ჩართულიც. ხშირად უყურებს სერიალებს, თუმცა ყველაზე მეტად შვილიშვილებისთვის, განვლილი ცხოვრების შესახებ ისტორიების მოყოლა უყვარს.

საუკუნის ადამიანი ჯანმრთელობას არ უჩივის, იშვიათად იყენებს სათვალეს და ახსოვს თითქმის ყველაფერი. 

 

 

დღის ამბები