24 წლის მურად წურწუმიას საქმეს პოლიტიკოსები ეხმაურებიან. პოლიტიკური მოძრაობის "ლელო საქართველოსთვის" წევრები მოითხოვენ, საქმე სახელმწიფო ინსპექტორმა გამოიძიოს.
"კვალიფიკაცია, რომელიც ამ დანაშაულს პროკურატურამ მისცა არის გაცილებით უფრო მსუბუქი, ვიდრე სინამდვილეში. სწორი კვალიფიკაცია რომ მიეცეს ამ საქმეს, მას უნდა იძიებდეს არა პროკურატურა, არამედ სახელმწიფო ინსპექტორი. ჩვენ მოვითხოვთ, გამოძიება დაუყონებლივ დაიწყოს დამოუკიდებელმა უწყებამ და დაამტკიცოს, რომ ის ნამდვილად არის დამოუკიდებელი და არა ბუტაფორიული ინსტიტუტი," - აღნიშნა "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა ანა ნაცვლიშვილმა.
"ევროპული საქართველოს" წევრის გიორგი კანდელაკის განცხადებით, ამ საქმეს ყველა პარტია საზოგადოებასთან ერთად ბოლომდე მიჰყვება, რადგან მისივე შეფასებით, სახელმწიფო მაქსიმალურად შეეცდება, სპეცრაზმელს ხელი დააფაროს.
2 იანვარს ვარკეთილში, ე.წ. დამპალოს სასაფლაოს ტერიტორიაზე ფიზიკური დაპირისპირების დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა ზურაბ ფოფხაძემ 24 წლის მურად წურწუმიას სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის დაზიანებები მიაყენა, რამაც ამ უკანასკნელის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ინციდენტისას ადგილზე იმყოფებოდა მურად წურწუმიას ძმაც, რომელმაც დაპირისპირებისას დაზიანებები მიიღო.
ავტორი: ლუკა ხაჩიძე