აშშ ირანს ახალ სანქციებს უწესებს და ნატო-ს შუა აღმოსავლეთის პროცესებში უფრო აქტიურად ჩართვისკენ მოუწოდებს - ქვეყნის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ, თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"რა პერიოდშიც მე პრეზიდენტი ვიქნები, ირანს არ ექნება ბირთვული იარაღის ფლობის საშუალება. ამერიკელი ხალხი მადლიერი და ბედნიერი უნდა იყოს. ამერიკელები არ დაზარალებულან გუშინდელი დღის შემდეგ. ჩვენმა სამხედრო ბაზებმა მინიმალური ზარალი განიცადა. ყველა მხარისთვის ძალიან კარგი შედეგი გამოიღო ამ ყველაფერმა. არცერთი ამერიკელი და ერაყელი ჯარისკაცი არ დაღუპულა. ირანი გახლავთ ტერორიზმის წამყვანი ქვეყანა. გასულ კვირას, ჩვენ სერიოზული ნაბიჯები გადავდგით, რადგან ტერორიზმს არ შეეწირა ამერიკელი ხალხის სიცოცხლე. მე ნატოს მივმართავ თხოვნით, შუა აღმოსავლეთის პროცესებში უფრო მეტად იყოს ჩართული" - განაცხადა ტრამპმა.
თავის მხრივ, თეირანმა განაცხადა, რომ პასუხის პასუხად ის იერიშს მიიტანს ისრაელზე, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებზე და ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიებზეც.
გენერლის დაკრძალვისთანავე, ირანმა შური იძია და ერაყში ამერიკულ ბაზას დაარტყა. სარაკეტო იერიში საჰაერო ბაზა აინ ალ-ასადზე მიიტანეს, სადაც 1500 ამერიკელი სამხედრო იმყოფებოდა. მეორე სამიზნე ქალაქ ერბილის აეროპორტი გახდა. ამ მიმართულებით ირანმა 15 ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტა გაუშვა. CNN-ის ინფორმაციით, ამერიკელი სამხედროები თავდასხმისთვის მზად იყვნენ და არავინ დაშავებულა. ირანის სახელმწიფო ტელევიზიის განცხადებით, 80 ამერიკელი ჯარისკაცია დაღუპული.
შურისძიების შემდეგ შემდეგ ირანის "ისლამური რევოლუციის" გუშაგთა კორპუსის ლიდერმა შეერთებული შტატების მოკავშირეებიც გააფრთხილა, რომ მათი სამიზნე გახდება ყველა, ვინც საკუთარ ბაზებს შტატების სამხედროებს დაუთმობს.
"ჩვენ მათ სახეში სილა გავაწანით,"- ამ სიტყვებით მიმართა ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ მოსახლეობას და შეერთებულ შტატებს სამხედროების გაყვანა კიდევ ერთხელ მოთხოვა, ქვეყნის პრეზიდენტი ჰასან როუჰანი კი ამერიკელებს რეგიონიდან განდევნით დაემუქრა.
სიტუაციის ესკალაცია არ სურს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს. მუჰამედ ზარიფმა დღეს რამდენჯერმე გაიმეორა, რომ თავდასხმა მხოლოდ თავდაცვით ხასიათს ატარებდა.
ვითარების ესკალაცია და ახლო აღმოსავლეთში ახალი ომი არ სურს ევროპას. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი კონსულტაციებისთვის ბრიუსელში მიიწვიეს. კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა ევროკავშირისთვის მხარეებს შორის დიალოგია.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ხვალ საგანგებო სხდომას გამართავენ და ახლო აღმოსავლეთის კრიზისზე ერთიან პოზიციას შეიმუშავებენ. ერთობლივ განცხადებამდე, ამერიკულ ბაზებზე თავდასხმა უკვე დაგმო რამდენიმე ქვეყანამ.
NATO ირანს თავშეკავებისკენ მოუწოდებს, სიტუაციის განმუხტვამდე კი ერაყიდან სამხედრო ინსტრუქტორები გაჰყავს. ერაყში სამხედრო ბაზებს ტოვებენ კანადის, სერბეთისა და გერმანიის ჯარისკაცები. დიპლომატიურ მოლაპარაკებებში თურქეთი ერთვება. ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ერაყში ხვალ ჩავა.