თელავის პოლიციაში თენგიზ სიმაშვილი გამოკითხეს. თელავის უნივერსიტეტის პროფესორმა და მკვლევარმა, რომელიც მეზობელს, გოჩა გოდერძიშვილს ფიზიკურ ძალადობაში სდებს ბრალს, სამართალდამცველებთან მომხდარის დეტალები გაიხსენა.
სიმაშვილის მტკიცებით, ინციდენტი გუშინ მას შემდეგ მოხდა, რაც მან თელავის მერს, გიგოს გორაზე რეპრესირებულთა მუზეუმის გახსნის ინიციატივით მიმართა.
თენგიზ სიმაშვილი ამბობს, რომ გოდერძიშვილი "ქართული ოცნების" აქტივისტია. გამოძიება ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.
"მე გამოძიებას მივაწოდე ინფორმაცია, თუ რა მოხდა დღეს და ასევე, ვისაუბრე დღევანდელ დღემდე ჩემდამი სიტყვიერი მუქარის შემოთვლის ფაქტზეც. შესაძლებელია, ეს დაკავშირებული იყოს გოჩა გოდერძიშვილის ახლობელ შოთა ნარეკლიშვილთან," - განცხადა თელავის უნივერსიტეტის პროფესორმა, თენგიზ სიმაშვილმა.
სიმაშვილის ადვოკატის თქმით კი, დანიშნულია შესაბამისი სამედიცინო ექსპერტიზა, რის მიხედვითაც შესაძლოა მუხლის გადაკვალიფიცერება მოხდეს.
"თენგიზ სიმაშვილს სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდება და შესაბამისად, დაზიანების რა ხარისხიც დაფიქსირდება, მაგის მიხედვით, შესაძლოა კვალიფიკაცია შეიცვალოს. ეს იმ შემთხვევაში თუ დაზიანების ხარისხი აუცილებლად იქნება განსაზღვრული," - აღნიშნა სიმაშვილის ადვოკატმა, ჯუმბერ ბაილაშვილმა.