21 დეკემბერი 2024,   18:26
ვრცლად
ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ხაზარაძეს სიცრუეში ადანაშაულებს - მამუკა ბახტაძემ განცხადება გაავრცელა

ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთ ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს სიცრუეში ადანაშაულებს. ბახტაძემ საგანგებო განცხადება გაავრცელა. 

"მსურს, გამოვეხმაურო მამუკა ხაზარაძის მიერ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან თემებთან დაკავშირებით გაჟღერებულ სიცრუეს.

პირველ რიგში ხაზს გავუსვამ ხელისუფლების დამოკიდებულებას ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან მიმართებაში;

საქართველოში, კერძოდ - ანაკლიაში, ღრმაწყლოვანი პორტის აშენების ინიციატორი და სულისჩამდგმელი იყო და რჩება ხელისუფლება! პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის, სახელმწიფომ საკუთარ თავზე აიღო მნიშვნელოვანი ვალდებულებები და იმაზე გაცილებით მეტი გააკეთა, ვიდრე თავდაპირველი ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული.

საზოგადოებას შევახსენებ, რომ სახელმწიფოს ვალდებულება პორტის ტერიტორიამდე რკინიგზის მიყვანაში, ასევე, გარკვეული მიწების გამოსყიდვასა და პორტისთვის გადაცემაში გამოიხატებოდა, თუმცა, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საპარტნიორო ფონდი კონსორციუმს 100 მილიონი დოლარის ოდენობის სუბორდინირებული სესხით დახმარებოდა.

გარდა ამისა, ხელისუფლების ინიციატივით, ანაკლიის განსაკუთრებული მნიშვნელობა საკონსტიტუციო ჩანაწერითაა ხაზგასმული, რაც, რა თქმა უნდა, კიდევ ერთი, მტკიცე გარანტიაა საერთაშორისო ინვესტორებისთვის და პროექტს კიდევ უფრო საინტერესოდ და მიმზიდველად აქცევს. ეს ყველაფერი ნათლად ადასტურებს, რომ სახელმწიფოს საკუთარი ვალდებულებები პირნათლად და გადაჭარბებით აქვს შესრულებული. ამას ნათლად ადასტურებს თუნდაც ის ფაქტი, რომ 2016 წლიდან - დღემდე, "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" მოთხოვნით, ხელშეკრულებაში 40-ზე მეტი ცვლილება შევიდა, პროექტის დაწყებიდან კი, სახელმწიფომ კონსორციუმს საკუთარი ვალდებულებების შესრულების დრო 7-ჯერ გადაუვადა.

წლების განმავლობაში სწორედ ასეთი დამოკიდებულება ჰქონდა ხელისუფლებას კონსორციუმის მიმართ, მაშინ, როდესაც კონსორციუმმა ვერ შეძლო პროექტის განხორციელებისათვის აუცილებელი ვერც ერთი ძირითადი პირობის შესრულება.
ასეთია რეალობა; რეალობა, რომლის დამახინჯებას და მოდელირებასაც უშედეგოდ ცდილობს მამუკა ხაზარაძე.

ასეთი ბრალდებების შემდეგ არც იმას გამოვრიცხავ, ბატონმა ხაზარაძემ თქვას, რომ ვაიძულე, დაეთმო ის საკრედიტო პორტფელი, რომელიც საქართველოში ე.წ "შავი სიის" პრობლემის მოსაგვარებლად „ქართუ ფონდმა“ საქართველოს მთავრობის თხოვნით გამოისყიდა, რამაც საშუალება მისცა ასი ათასობით მოქალაქეს, აქტიურ ეკონომიკაში დაბრუნებულიყო და ახალ წელს ვალების გარეშე შეხვედროდა. როგორც არაერთხელ განვაცხადე, ამ თემაზე გადაწყვეტილების მიღება თავიდან რომ მიწევდეს, ანალოგიურად მოვიქცეოდი.

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, „ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის“ პროექტის ირგვლივ ქართული საზოგადოება მხოლოდ პოლიტიკურ ინტრიგებს ხედავს და ისმენს, საქმე კი წინ ვერ წავიდა და დაიკარგა ძვირფასი დრო. საქართველოს სატრანზიტო პოტენციალისა და ქვეყნის ეკონომიკური ინტერესების რეალიზაციისათვის, ღრმაწყლოვანი პორტის არსებობას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს და ანაკლია აუცილებლად აშენდება. პროექტი უნდა განახორციელოს შესაბამისი გამოცდილებისა და რესურსების მქონე კომპანიამ ან კომპანიათა ერთობლიობამ," - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ ოფიციალურ განცხადებაში.

დღის ამბები