21 დეკემბერი 2024,   18:17
ვრცლად
რა წერია ეუთო/ოდირის დასკვნაში - ერთ დოკუმენტს ორი პოლიტიკური მხარე სხვადასხვაგვარად აფასებს

შენიშვნები, რაზეც იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები საუბრობდნენ, ახლა უკვე ეუთოს დასკვნაშიც წერია.

საბჭოს არამოსამართლე წევრს მიაჩნია, რომ ეუთოს რეკომენდაციების გათვალისწინებას ახლა უკვე აზრი აღარ აქვს, რადგან მოსამართლეები უზენაეს სასამართლოში მუშაობას უკვე შეუდგნენ. 

დაუჯერებლად კრიტიკული - ასეთია ოპოზიციის შეფასება დასკვნასთან დაკავშირებით. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ დოკუმენტი დასტურია იმისა, რომ იუსტიციის საბჭოში დაწყებული და პარლამენტში დასრულებული პროცესი წინასწარ იყო შეთანხმებული. ოპოზიციის წარმომადგენლები ვაკანტურ თანამდებობებზე მოსამართლეების დანიშვნის დროებით შეჩერებაზე ამახვილებენ ყურადღებას.

უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ ეუთოს დასკვნაში ბევრი ტექნიკური შეუსაბამობაა, რის გამოც ავტორების კვალიფიკაციას მმართველი გუნდის წევრები ეჭვქვეშ აყენებენ. დეპუტატების განმარტებით, ანგარიშში ურთიერთგამომრიცხავი ჩანაწერებიც არსებობს.

მესამე სექტორში განმარტავენ, რომ უმჯობესი იქნებოდა პარლამენტს გაცილებით ნაკლები მოსამართლე დაემტკიცებინა და გადაწყვეტილება ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე არ მიეღო. ორგანიზაციებში ამბობენ, რომ სამომავლოდ კანონმდებლობა უნდა დაიხვეწოს და ამისთვის პოლიტიკური ნება გამოვლინდეს.

ეუთოს დასკვნაში სასამართლო სისტემაში განხორციელებული ბოლო პერიოდის რეფორმები პოზიტიურ ნაბიჯადაა შეფასებული. მათ შორის, მოწონებულია მოსამართლეთა შერჩევის პროცესის გამჭვირვალობა, თუმცა დოკუმენტში ხაზგასმულია ისიც, რომ სისტემაში კვლავ პრობლემად რჩება ფარული კენჭისყრები და ინტერესთა კონფლიქტის პრობლემა.

დღის ამბები