18 ნოემბერი 2024,   10:57
ვრცლად
დაკარგავს თუ არა დამოუკიდებლობას აჭარაში ონლაინ მედია - აჭარის მაუწყებლის თანამშრომლები ახალ დებულებას აპროტესტებენ 

აჭარის მაუწყებლის ვებ-გვერდის შესაძლო ნაწილობრივ გაუქმებას და რადიოსა და ახალი ამბების სამსახურის გაერთიანებას  არხის თანამშრომლები არ ეთანხმებიან. 

დებულების შესახებ პრეტენზიები არხის თანამშრომლებთან ერთად მრჩეველთა საბჭოს წევრებს გაუჩნდათ.

საბჭოს ერთ-ერთი წევრი გია ქარცივაძე განმარტავს, რომ დებულება არ არის მიმართული მაუწყებლის განვითარებისკენ და ის ტელევიზიას დააზარალებს.

"დებულებაში ცვლილება მიმართულია მაუწყებლის კონკრეტული თანამშრომლების ჩამოშორებისკენ და მას არანაირი მიზანი არ აქვს მაუწყებლის განვითარებასთან.  როგორც ყველა სხვა სტრუქტურულ უწყებაში, რა თქმა უნდა, აქაც არის ხარვეზები. თუმცა ხარვეზების გამოსწორება შესაძლებელია მინიმალური ჩარევით და არა ასეთი არსებითი გადაკეთებით და კონკრეტული პოზიციების გაუქმებით," - განაცხადა გია ქარცივაძემ.

მრჩეველთა საბჭოს წევრის სოსო სტურუას განმარტებით, დებულება რეალურად  მმართველ რგოლებს შორის ფუნქციათა გამიჯვნას ითვალისწინებს.

"4 წლის წინ მივიღეთ რევოლუციური ცვლილება და ფაქტობრივად 3-4 წლის თავზე უნდა განხორციელდეს ახალ საფეხურზე ასვლა. ის ხარვეზები, რომელიც გამოჩნდა ამ ხნის განმავლობაში უნდა აღმოიფხვრას და დებულება თანამედროვე რეალობას უფრო უნდა მოერგოს. ამიტომ წააგავს ორი დირექტორის მიერ წარმოდგენილი პროექტი ერთმანეთს. ეს არის ლოგიკური ნაბიჯი მაუწყებლობის განვითარებისთვის. აქ არაფრის გაუქებაზე საუბარი არაა, უბრალოდ ფუნქციათა გამიჯვნაა მმართველ რგოლებს შორის," - განაცხადა მრჩეველთა საბჭოს წევრმა სოსო სტურუამ.

აჭარის ტელევიზიის ვებ-გვერდის რედაქტორის სოფო ჟღენტის განმარტებით კი, რეალური მიზანი ონლაინ პლატფორმაისთვის დამოუკიდებლობის ჩამორთმევაა.

"ყოველგვარ ლოგიკურობას არის მოკლებული რეალურად გააუქმო ონლაინ სამსახური. ორი წლის განმავლობაში ჩვენ ვცდილობთ, რომ ონლაინ სამსახური დამკვიდრდეს როგორც დამოუკიდებელი მედიაპლატფორმა. ძალიან კარგი შედეგები გვაქვს. ამის მიზანი შესაძლოა იყოს ის, რომ ონლაინ-პლატფორმას წაართვან დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების საშუალება, კონტენტის შექმნის საშუალება," - აღნიშნა აჭარის ტელევიზიის ვებ-გვერდის რედაქტორმა სოფო ჟღენტმა.

აჭარის მაუწყებელში შესაძლოა სტრუქტურა შეიცვალოს - დებულება, რომელიც ახლადარჩეულმა დირექტორმა მრჩეველთა საბჭოს წარუდგინა ვებ-გვერდის ნაწილობრივ გაუქმებას, რადიოსა და ახალი ამბების სამსახურის გაერთიანებას და რამდენიმე მაკონტროლებელი რგოლის დამატებას ითვალისწინებს.

ახალი დებულების დასამტკიცებლად მრჩეველთა საბჭოს 4 წევრის მხარდაჭერაა საჭირო.

 

 

 

დღის ამბები