კახა კალაძის განცხადებას კორუფციის პრევენციასთან დაკავშირებით, ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე განმარტავს.
"კონკრეტული რამ მხედველობაში ნამდვილად არ ყოფილა. გასულ წელსაც და იმის წინა წელსაც, პირველი სხდომა ბატონმა კახა კალაძემ ასე გახსნა," - ასე უპასუხა თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებს კითხვაზე, გულისხმობდა თუ არა თბილისის მერი რაიმე კონკრეტულს, როდესაც დღეს მოადგილეებს კორუფციის პრევენციისკენ მოუწოდა.
"კორუფციის პრევენცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაა მუნიციპალიტეტში, სადაც ბიუჯეტი უკვე თითქმის მილიარდნახევარ ლარს აღწევს. კონკრეტული რამ მხედველობაში ნამდვილად არ ყოფილა, გასულ წელსაც და, თუ არ ვცდები, იმის წინა წელსაც, პირველი სხდომა ბატონმა კახა კალაძემ ასე გახსნა. სხვათა შორის, ჩვენი მხრიდანაც ამას რეაგირება მოჰყვება არა დროებით, არამედ მთელი წლის განმავლობაში. ეს არის უბრალოდ შეხსენებითი გაფრთხილება," - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
შეგახსენებთ, თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობას კორუფციის რისკების პრევენციისკენ მოუწოდა. კალაძემ განცხადება თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა და თქვა, რომ გადაცდომების შემთხვევაში მერია პრინციპულ და მკაცრ გადაწყვეტილებებს მიიღებს.