18 ნოემბერი 2024,   10:36
ვრცლად
"ხელში ეკავა რაღაც საგნები და იყო რისკი, გამოესროლა"- ოხანაშვილი ბაკურიანის ინციდენტზე

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ბაკურიანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, ვახტანგ რობაქიძეს ხელში გარკვეული საგნები ეჭირა, აგრესიული იყო და არსებობდა შანსი, ეს საგნები ოხანაშვილისა და მისი ოჯახის მიმართულებით ესროლა.

"მე ამ საკითხს ვუყურებ სამართლებრივად. ჩემი თმენის ვალდებულება მეტის უფლება არ მაძლევს, რომ მე პოლიტიკურ შეფასებაში შევიდე. ფაქტია, რომ ეს ადამიანი პოლიტიკურად ანგარიშსწორებას ცდილობდა ჩემთან მიმართებაში. თუმცა, რა თქმა უნდა, ამ ქვეყანაში, ჩვენი საზოგადოებისთვის არ არის დრო არც ძალადობის, არც მუქარის, არც იძულების. სხვათაშორის, ხელში ეკავა გარკვეული საგნები და იყო რისკი, რომ ამ ადამიანს გამოესროლა. ეს ადამიანი იყო მხოლოდ ასეთი აგრესიული და ამწვავებდა ყველანაირად სიტუაციას, რა დროსაც ჩემი მთავარი ამოცანა იყო ოჯახის უსაფრთხოება. ამ ადამიანს არ ვიცნობ, არასოდეს შევხვედრივარ,"-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, შემთხვევა გუშინ, ბაკურიანის ერთ-ერთ კაფეში მაშინ მოხდა, როდესაც დეპუტატი ანრი ოხანაშვილი ოჯახთან ერთად სავახშმოდ იმყოფებოდა. "ქართული ოცნების" წევრის თქმით, მისთვის უცნობი მამაკაცი მასთან მივიდა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ოხანაშვილის თქმითვე, მუქარა მისი შვილების მიმართაც იყო.

დაკავებულ ვახტანგ რობაქიძეს სასამართლომ 3 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

დღის ამბები