დაიწყება თუ არა გამოძიება სახალხო დამცველის მატროსოვის ციხეში ვიზიტთან დაკავშირებით? - უწყება, რომელსაც ლომჯარია კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნებაში ადანაშაულებს, აცხადებს, რომ კანონი არ დაურღვევია.
ომბუდსმენი საგამოძიებო უწყებების პირველი პირებისგან რეაგირებას ითხოვს.
"სახალხო დამცველმა გააკეთა და წარმოადგინა კრიტიკული ანგარიში. ნაცვლად იმისა, რომ ვსაუბრობდეს სწორედ იმ გამოწვევებსა და პრობლემებზე, რომელიც ამ ანგარიშშია, გვიწევს საუბარი თავდასხმაზე და ამ მიმართულებით არის ყურადღება გადატანილი. სახეზეა სისხლის სამართლის დანაშაული - კანონდარღვევა, რომელიც ჩადენილი იყო იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის მითითებით. საჭიროა, რომ ამ საკითხზე გამოძიება დაიწყოს," - განაცხადა "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელმა დირექტორმა, მიხეილ ბენიძემ.
არასამთავრობო ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" იურისტის, თქმით კი, სახალხო დამცველის პატიმრებთან შეხვედრა და მათ მიერ მიწოდებული ინფორმაცია მკაცრად კონფიდენციალურია.
"რაც პენიტენციურმა სამსახურმა განახორციელა არ შეესაბამება სახალხო დამცველის შესახებ ორგანული კანონის მოთხოვნებს. სახალხო დამცველის პატიმრებთან შეხვედრა და მათ მიერ მიწოდებული ინფორმაცია მკაცრად კონფიდენციალურია. ამ მიმართულებით მე პესიმისტურად ვარ განწყობილი, თუმცა მიმაჩნია, რომ გამოძიება უნდა დაიწყოს," - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" იურისტმა, დიმიტრი ხაჩიძემ.