18 აპრილი 2024,   05:27
ვრცლად
ზაზა მურჯიკნელს პატიმრობა შეეფარდა - გამოძიება საქმესთან შესაძლო კავშირში მყოფ პირებს ეძებს

გუგეშაშვილების ოჯახზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე, რომელსაც დოდო გუგეშაშვილის ვაჟის, ნოდარ გუგეშაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, თავად თადარიგის პოლკოვნიკი კი მძიმედ დაიჭრა, გამოძიება გრძელდება. ზაზა მურჯიკნელს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით ედავება. 

ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა დღეს შეეფარდა. საქმის პროკურორის განცხადებით, საგამოძიებო უწყება მუშაობას ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს - როგორც დამკვეთის, ასევე თავდასხმასთან სხვა პირების კავშირის შესახებ. 

"მოცემულ საქმეზე წარმოდგენილია მტკიცებულებები, თავად ქალბატონ დოდო გუგეშაშვილის ამოცნობის ოქმი ფოტოსურათზე, არის ორი თვითმხილველი მოწმის ამოცნობის ოქმი, რომლებიც უთითებენ, რომ მკვლელობა წარმოდგენილმა ბრალდებულმა ჩაიდინა," - აცხადებს პროკურორი ნუგზარ ჭიტაძე.

დაცვის მხარე კი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება. გაასაჩივრებენ თუ არა დღევანდელ გადაწყვეტილებას, ამას ზაზა მურჯიკნელის ადვოკატი მას შემდეგ გადაწყვეტს, რაც მისთვის საქმის მასალები გახდება ხელმისაწვდომი.

"კონკტერულ მტკიცებულებებთან დაკავშირებით ვერ გავაკეთებ კომენტარს, ზოგადად მოგახსენებთ, რომ დღევანდელ გადაწყვეტილებას, რომელიც დღეს გამოცხადდა, არ ვეთანხმებით. პროკურატურა ფიქრობს, რომ მტკიცებულებების გასაჯაროებით ხელი შეეშლება გამოძიებას," - აცხადებს მურჯიკნელის ადვოკატი გოგა ბოგვერაძე.

სასამართლოს არ ესწრებოდა დაზარალებული, თადარიგის პოლკოვნიკი დოდო გუგეშაშვილი. 

"აქ მხოლოდ ერთ მტკიცებულებაზე არ არის საუბარი. როგორც აღმოჩნდა, ქალბატონი დოდოს გარდა, ფოტოსურათზე ბრალდებული კიდევ ორმა მეზობელმა ამოიცნო, არსებობს კიდევ სხვა მტკიცებულებები, სატელეფონო ანძებთან და მანქანის მოძრაობასთან დაკავშირებით. 

მომდევნო სხდომამდე, ვფიქრობ, კიდევ იქნება გარკვეული მტკიცებულებები მოპოვებული და იმედია საბოლოო ჯამში სრული სურათი გამოიკვეთება,"- აცხადებს დოდო გუგეშაშვილის ინტერესების დამცველი, ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი.

დოდო გუგეშაშვილის დაჭრისა და მისი შვილის, ნოდარ გუგეშაშვილის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.  

მურჯიკნელის წინასასამართლო პროცესი 16 მარტს გაიმართება. 

დღის ამბები