"ამის უფლება არ ჰქონდათ"- ასე გამოეხმაურა მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიების შეწყვეტას. მარიამ კუბლაშვილის თქმით, გამოძიება მხოლოდ სავარაუდო დამნაშავე სპეცრაზმელის ჩვენებას დაეყრდნო და ის სხვა მტკიცებულებებით არ გაუმყარებია.
"ფაქტია, რომ სამართლიანი და ეფექტიანი დაცვის უფლება და საშუალება ჩამოერთვა მაჩალიკაშვილების ოჯახს. რაც შეეხება პროკურატურის განცხადებას, მათ ამის უფლება ფიზიკურად არ ჰქონდათ, რადგანაც აღნიშნული ინფორმაცია, რომელსაც სპეცრაზმელი უთითებს, ბუნებრივია, თავის გადასარჩენად უთითებს და საკუთარი მოსაზრებაა. ეს არის თავად სპეცრაზმელის განცხადება, რომ თითქოს თემირლანმა ხელყუმბარის გახსნა სცადა, მაგრამ სად გვაქვს სხვა, ნეიტრალური პირის ჩვენება ან სხვა მტკიცებულება, რაც ამყარებს, ამაზე არ უმსჯელია და პროკურატურას არ ჰქონდა იმის უფლება, რომ ცალმხრივად, მიკერძოებულად გამოექვეყნებინა სპეცრაზმელის ჩვენება,"- განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება არ დადასტურდა და პროკურატურამ გამოძიება შეწყვიტა. 2 წლის განმავლობაში, გამოძიების ფარგლებში დაიკითხა 124 პირი, ჩვენებები გამომძიებლებმა ჩამოართვეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის იმ 32 თანამშრომელს, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ პანკისში 2017 წლის 26 დეკემბერს ღამით ჩატარებულ სპეცოპერაციაში.
პროკურატურამ არ გაიზიარა გარდაცვლილი მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებისა და ადვოკატის არცერთი ბრალდება და დაადგინა, რომ სავარაუდო ეჭვმიტანილი არ დაემორჩილა სპეცრაზმელის მოთხოვნას, სცადა საბრძოლო მდგომარეობაში მოეყვანა ხელყუმბარა, რის გამოც მისი მიმართულებით განხორციელდა გასროლა. რაც შეეხება სადავო ხელყუმბარას: როგორც საქმის მასალებზე დაყრდნობით გამოძიება ირწმუნება, საცხოვრებელი ოთახის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს, ამ პროცესს კი ესწრებოდა თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, რომელმაც დაადასტურა ოქმში დაფიქსირებული მონაცემების სისწორე.
ავტორი: დავით ცაგარელი