18 ნოემბერი 2024,   10:30
ვრცლად
სჯობს დარჩე იქ, სადაც ხარ - უჰანში მყოფი ნინო დავლიანიძე საქართველოში დაბრუნებას არ გეგმავს

​საქართველოს მოქალაქე ნინო დავლიანიძე, რომელიც ჩინეთის ქალაქ უხანში იმყოფება, საიდანაც კორონავირუსი გავრცელდა, საქართველოში დაბრუნებას არ გეგმავს. ამის შესახებ ნინი დავლიანიძემ "რუსთავი 2"- თან  განაცხადა.

ნინო დავლიანიძე მიიჩნევს, რომ უჰანში, სადაც ვირუსთან საბრძოლველად სრული მობილიზაციაა, გაცილებით დაცული იქნება, ვიდრე ევაკუირებისას, როდესაც უცხო ადამიანებთან ერთად მოუწევს მგზავრობა. 

"ამ დილით დამიკავშირდნენ საქართველოს ელჩი ჩინეთში და კონსული. შემატყობინეს, რომ საქართველოს მთავრობამ დაიწყო მუშაობა ქართველების ევაკუირების საკითხთან დაკავშირებით. თუმცა, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ჩვენი ევაკუირება საქართველოში არ იგეგმება. მიუხედავად ყველაფრისა, მე არ ვეგეგმავ საქართველოში დაბრუნებას დროებით, რიგი მიზეზების გამო. ერთი რომ, ვინაიდან მოხდება ჩვენი ევაკუირება, აუცილებლად მოხდება ჩვენი კარანტინში ჩასმა, რაც გულისხმობს ჩვენს სრულ იზოლაციას. ამ შემთხვევაში, ჩემი სიტუაცია აბსოლუტურად არ იქნება განსხვავებული, მე ახლაც კარანტინში ვარ. ასევე, ევაკუირების შემთხვევაში მომიწევს მგზავრობა ძალიან ბევრ უცხო ადამიანთან ერთად და, დიდი ალბათობით, მათთან ერთად ცხოვრება, რაც ვფიქრობ, რომ არ იქნება ჩემთვის უსაფრთხო. მირჩევნია, ვიყო იზოლირებულად, ყველასგან განცალკევებით. რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი და რა ინფორმაციაც ვრცელდება, ყოველდღიურად ახდენენ ქალაქის დეზინფექციას, ვირუსისგან გაწმენდას. პლუს ამას ვფიქრობ, რომ როდესაც ასეთი ვირუსის ეპიცენტრში ხარ მოხვედრილი, ჯობია დარჩე იქ, სადაც ხარ, რადგან არ მოხდეს ვირუსის გავრცელება. ასევე, იმ შემთხვევაში, თუ მოხდება ჩემი დაინფიცირება, ეპიცენტრში, სადაც ყველა მობილიზებულია ამ ვირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად, ბევრად მარტივი იქნება განკურნება, ვიდრე სხვა ქალაქსა თუ ქვეყანაში, სადაც ამისთვის ასეთი მზადყოფნა არ არის.  სხვა ქართველებთან მაქვს კონტაქტი, თუმცა ყველა უბრალოდ ვმსჯელობთ ამ საკითხთან დაკავშირებით, მათი გეგმების შესახებ პასუხი არ მაქვს.

ამ ეტაპზე, ხალხი მეტნაკლებად მოძრაობს ქუჩებში, მაგრამ ყველა აუცილებლად იცავს ამ უსაფრთხოების წესებს. სუპერმარკეტები, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, უკვე გაიხსნა. აღარ არის დეფიციტი არანაირ საკვებზე, წყალზე  და მედიკამენტებზე,"- განაცხადა ნინო დავლიანიძემ.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი თავდაპირველად ჩინეთის ქალაქ უხანში გამოვლინდა. ბოლო მონაცემებით, ჩინურმა ვირუსმა უკვე 107 ადამიანი იმსხვერპლა. ერთ დღეში დაინფიცირებულთა რაოდენობა გაორმაგდა და 5000 მიაღწია. 120-ზე მეტი ინფიცირებული ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია. ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ჩინეთის რამდენიმე ქალაქში შეჩერებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა და ავიარეისები. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, ჩინეთის გარდა ვირუსმა საერთო ჯამში 16 ქვეყანაში შეაღწია.

დღის ამბები