18 ნოემბერი 2024,   10:33
ვრცლად
ფოთში, თევზით მოვაჭრეებმა მუშაობა ძველ ადგილზე თვითნებურად განაახლეს

ფოთში, თევზით მოვაჭრეებმა მუშაობა ძველ ადგილზე თვითნებურად განაახლეს. ისინი აცხადებენ, რომ აღნიშნულ სავაჭრო ობიექტს დატოვებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი ხელისუფლება მათთვის მისაღებ ალტერნატიულ ფართს გამოუყოფს.

მანამდე კი, თევზის ბაზრობის მოვაჭრეებს მეგრელიშვილის სანაპიროზე საავტომობილო გზა ჰქონდათ დაკეტილი. მოვაჭრეები თევზის ბაზრობის გაუქმებას აპროტესტებდნენ. მათი თქმით, სამი წლის წინ მერიის გადაწყვეტილებით აღნიშნული ადგილი პომპეზურად გაიხსნა, თუმცა ახლა ამ ფართის დატოვებას თხოვენ.

მოვაჭრეების თქმით, მათთვის გაუგებარია რატომ არ გაითვალისწინა მაშინ ხელისუფლებამ, რომ აღნიშნულ ადგილზე ფართის განთავსება კანონდარღვევა იყო. მერიის ინფორმაციით, მოვაჭრეებს ალტერნატიული ფართი გამოუყვეს, მაგრამ აღნიშნული ობიექტი მათთვის მიუღებელი აღმოჩნდა.

დღეს ასევე მოვაჭრეებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრამ ხმაურის ფონზე ჩაიარა. თევზის რეალიზატორების თქმით, მათ შორის შეთანხმება არ შემდგარა. მათთვის მიუღებელია ის ალტერნატიული ფართი, რასაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სთავაზობენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები