21 დეკემბერი 2024,   18:30
ვრცლად
შეუჩერდება თუ არა უფლებამოსილება რუსეთის დელეგაციას - ევროსაბჭოში დებატებს ელოდებიან

თუ სტრასბურგში რუსეთს ხმის უფლება შეუჩერეს, შესაძლოა, საქართველოში რუსეთის დელეგაციის ვიზიტი დღის წესრიგიდან ავტომატურად მოიხსნას. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ 28 იანვარს მონიტორინგის კომიტეტმა საკითხი ჩააგდო, ნაკლებ სავარაუდოა, რომ დღეს საქართველოს, უკრაინისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების ინიციატივას ბევრი მხარდამჭერი აღმოაჩნდეს.

მსგავსი პროგნოზების მიუხედავად, ყველა ელოდება დებატებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში და 47 ქვეყნის გადაწყვეტილებას.

როგორც ცნობილია, დებატებში მონაწილეობას საქართველოს მხრიდან პარტია "ევროპული საქართველოს" წევრი გიორგი კანდელაკი და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია მიიღებენ.

"ჩვენ დღეს ვისაუბრებთ რუსეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაზე, იმ ვალდებულებების, რომელიც რუსეთს აქვს დაკისრებული საერთაშორისო სამართლით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით. ვისაუბრებთ იმ მძიმე ფაქტებზე, რომელიც არის ოკუპაციის პირდაპირი შედეგი, როგორც ადამიანის უფლებების, ასევე უსაფრთხოების კუთხით საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ,"-განაცხადა ირაკლი ბერაიამ

"ევროპული საქართველოს" ლიდერი დავით ბაქრაძე მიიჩნევს, რომ რადგან პოსტსაბჭოთა ქვეყნების ტერიტორიების ოკუპაციის გამო ჩამორთმეული მანდატი რუსეთს ერთხელ უკვე დაუბრუნეს, საეჭვოა, მას დღეს ეს უფლება უკან წაართვან. 

"ჩვენ გვესმის, რომ, მაღალი ალბათობით, საპარლამენტო ასამბლეა მხარს დაუჭერს რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების აღდგენას, ვინაიდან მათ ერთხელ უკვე მიიღეს გადაწყვეტილება და ჩემის აზრით, მცდარი გადაწყვეტილება, დაებრუნებინათ რუსეთი ამ ორგანიზაციაში. მაგრამ, ჩვენი ამოცანაა, არ ჰქონდეს რუსეთის დელეგაციას ჩვეულებრივად მუშაობის საშუალება, მუდმივად ვიყოთ შეხსენების რეჟიმში რუსეთისთვისაც და სხვა, ჩვენი პარტნიორებისთვისაც, რომ ეს ქვეყანა აგრძელებს საქართველოს და უკრაინის ოკუპაციას,"-განაცხადა დავით ბაქრაძემ.

რუსეთის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობას ხაზი გაუსვეს უკრაინის დელეგაციის წარმომადგენლებმაც.

"ჩვენ ვცდილობთ ვაჩვენოთ, რომ აქ არის ხალხი, რომელთაც აქვთ ხმის უფლება და აქ საკმარისად არიან ადამიანები, რომელთაც არ დავიწყებიათ რა არის თავისუფლება და დემოკრატია. არ ვეთანხმებით რუსული დელეგაციის დაბრუნებას, რადგან მათ არასდროს, არცერთი პუნქტი არ შეუსრულებიათ საქართველოსა და ყირიმის ოკუპაციასთან დაკავშირებით. მათ შორის, არც ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ რუსეთში."

"ბატონი ტოლსტოი, რომელიც გუშინ ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს, საქართველოსა და უკრაინის შესახებ საშინელებებს ამბობდა. მისი განცხადებით, საქართველო და უკრაინა მსოფლიო რუკაზე მხოლოდ იმიტომ არსებობს, რომ ეს რუსეთს სურს, ეს ადამიანი კი ახლა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტია. ის განაგრძობს რიტორიკას, რომ რუსეთი შესანიშნავი ქვეყანაა და შეუძლიათ გააკეთონ ნებისმიერი რამ, რადგან რუსეთი ძლიერი და დიდი სახელმწიფოა."

ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა ევროპის საბჭოს ყოველწლიური მონიტორინგის ანგარიში, რომელშიც საუბარია ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მხრიდან ვალდებულებების შესრულებაზე. მათ შორის მოხვდა საქართველოც. გამოყოფილია რამდენიმე საკითხი: დოკუმენტში საუბარია სასამართლო სისტემის შესახებ და იმის შესახებ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით არსებობდა შეკითხვები და პრობლემები, ასევე, საუბარია საარჩევნო სისტემასა და იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილის დაპირება 2020 წლისთვის მაჟორიტარული სისტემის გაუქმებასთან დაკავშირებით არ შესრულდა. დოკუმენტში ყურადღება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზეც არის გამახვილებული. 

დღის ამბები