18 ნოემბერი 2024,   10:27
ვრცლად
არსებობს ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს, რომ პოლიცილები გიორგი რურუასთან ადვოკატის გარეშე შევარდნენ - ადვოკატი

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი რურუას წინასასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობენ. დღესვე გადაისინჯება გიორგი რურუას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება.

დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარე გიორგი რურუას გათავისუფლების შუამდგომლობას დააყენებს. ბრალდებულის ადვოკატის, გიორგი ჩივიაშვილის განცხადებით, არსებობს ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს, რომ სამართალდამცველებმა საგამოძიებო მოქმედებები კანონდარღვევით შეასრულეს. 

"ვიდეოჩანაწერი, სადაც პირდაპირ ჩანს, როგორ ჩადიან დანაშაულს სამართალდამცველები, პოლიციელები, რომლებიც გიორგი რურუასთან ადვოკატის გარეშე შევარდნენ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, გლდანში, მის საკანში. მოახდინეს უკანონოდ კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებების შესრულება. საუბარია ნივთებზე, რომელიც უკანონოდ ამოიღეს. ასეთი ტიპის მტკიცებულების ჩვენების შესაძლებლობა არ მოგვცა მოსამართლემ, მოვითხოვეთ მისი აცილება, რომ ის არის მიკერძოებული და პრაქტიკულად, არის მხარე,"-განაცხადა ადვოკატმა. 

საქმის პროკურორის განცხადებით, ბრალდების მხარე გიორგი რურუას პატიმრობაში დარჩენას ითხოვს, რადგან მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არსებობს.

"გვექნება შუამდგომლობა, რომ პატიმრობა დარჩეს ძალაში, რადგან არსებობს გარკვეული საფრთხეები - მიმალვის საფრთხე, ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე. ასევე, წარმოდგენილი იქნება როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხრიდან მტკიცებულებები, რომელთა შეფასებაც მოხდება. ბრალდების მხარეს წარმოდგენილი აქვს მოწმეთა ჩვენებები, ნივთიერი მტკიცებულებები, ექსპერტთა დასკვნები, რომლითაც დასტურდება, რომ ნამდვილად, გიორგი რურუას ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა,"- განაცხადა პროკურორმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი რურუა სამართალდამცავებმა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების ბრალდებით დააკავეს.

დღის ამბები