პოლიტიკური პარტიების "ევროპული საქართველო," "ნაციონალური მოძრაობა," "ლელო საქართველოსთვის" და "გამარჯვებული საქართველოს" წარმომადგენლები მომდევნო კვირას ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში გაემგზარებიან.
პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების განცხადებით, ევროპარლამენტარების წევრებსა და ექსპერტებს ქვეყანაში შექმნილი ვითარების შესახებ მიაწვდიან ინფორმაციას.
"გადავწყვიტეთ, მომავალ კვირას გავმართოთ ოფიციალური ვიზიტი ბრიუსელში მთავარი გზავნილით, რომ ქვეყანას, რომელსაც აქვს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება, არ შეიძლება ჰყავდეს პოლიტიკური პატიმრები.
მეორე გზავნილი, რომელიც ჩვენ ჩაგვაქვს ევროპის დედაქალაქში, შეეხება ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისს. უახლოეს კვირებში საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადადგას ნაბიჯი, რომელიც განმუხტავს პოლიტიკურ ვითარებას და შესაძლებლობას მისცემს თავისუფალ არჩევნებს გზა გახსნას შემდგომი ცვლილებებისთვის ქვეყანაში," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა.
"ევროპული საქართველოს" წევრის ელენე ხოშტარიას თქმით, კრიზისი, რომელიც დღეს ქვეყანაშია, კონსოლიდირებული ოპოზიციური სპექტრისა და მთლიანად საზოგადოების დიდი გამოწვევაა.
"კრიზისი, რომელიც დღეს არის საქართველოში, ეს არ არის მხოლოდ რომელიმე ცალკე აღებული პარტიის საზრუნავი, ეს არის კონსოლიდირებული ოპოზიციური სპექტრის და მთლიანად საზოგადოების ძალიან დიდი გამოწვევა. რუსთაველზე, რომელიც დღეს იქცა ბიძინა ივანიშვილის ბოსტნად, სწორედ ქართულმა საზოგადოებამ მოიპოვა პროპორციული არჩევნები, რომელიც მერე ივანიშვილმა უკან წაგვართვა და სწორედ აქ, რუსთაველზე დაიჭირეს პოლიტიკური პატიმრები," - აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.