18 ნოემბერი 2024,   14:25
ვრცლად
საეჭვო გარიგებები - საწვავით მომარაგებისთვის "ქართული ოცნების" დეპუტატის ოჯახი სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონობით ლარს იღებს

"მეეკი" ერთ-ერთია იმ კომპანიებს შორის, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებულ სამსახურებს საწვავით ამარაგებს. ამ გზით "ქართული ოცნების" დეპუტატის ოჯახს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი უკვე ჩაერიცხა. ახალქალაქსა და ნინოწმინდაში, იქ, სადაც ენზელ მკოიანი მმართველ ძალას წარმოადგენს, ყველა სახელმწიფო შესყიდვას, რომლებიც ბენზინს, დიზელსა და თხევად აირს შეეხება, სწორედ მისი ოჯახი იგებს.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ" ახალქალაქსა და ნინოწმინდაში საბიუჯეტო სამსახურების მიერ ბოლო 9 წლის განმავლობაში გაფორმებული ხელშეკრულებები შეისწავლა და დათვალა, რომ დეპუტატისა და მის ოჯახთან დაკავშირებულმა კომპანიებმა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2 300 000 ლარზე მეტი მიიღეს.

საჯარო უწყებებიდან გამოთხოვილი დოკუმენტებით დადგინდა, რომ სულ მკოიანების ოჯახთან 674 ხელშეკრულება გაფორმდა. კვლევის ავტორებმა შესაძლო კორუფციის ნიშნები იმ საეჭვო გარემოების გამო დაინახეს, რომ 665 შემთხვევაში ქართული ოცნების წევრის კომპანიამ ყოველგვარი კონკურენციის გარეშე დაიწყო სხვადასხვა სამსახურების საწვავით მომარაგება.

მას შემდეგ რაც არასამთავრობო ორგანიზაციამ ციფრებში აღწერა, რა სარგებელი მიიღო სახელისუფლებო გუნდის წევრმა სახელმწიფო ბიუჯეტიდან - ენზელ მკოიანი ჟურნალისტებთან არ გამოჩენილა. ის არ პასუხობს არც სატელეფონო ზარებს. სადავო ხელშეკრულებებზე კომენტარის გაკეთება არ ისურვეს არც მისი ოჯახის იმ წევრებმა, რომლებიც დღემდე ბიუჯეტიდან ფინანსდებიან.

დეპუტატის კომპანიებსა და საეჭვო ტენდერებზე რეპორტაჟი "კურიერის" ეთერშიც არაერთხელ გავიდა. მერიები, სკოლები, სამედიცინო დაწესებულებები და მუნიციპალიტეტის აიპები - ეს იმ სამსახურების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებიან და რომლებიც ბოლო წლებია საწვავით ენზელ მკოიანის ოჯახის კომპანიებით მარაგდებიან. ამ უწყებებს შორისაა თავად ენზელ მკოიანის ბიუროც. "ქართული ოცნების" დეპუტატი ხელშეკრულებას წლებია ბიძამისთან აფორმებს და საწვავს, საბიუჯეტო თანხებით საკუთარი ოჯახის კომპანიიდან ყიდულობს.

უკვე დიდი ხანია ჯავახეთში არსებულ კორუფციაზე საუბრობენ ადგილობრივი ოპოზიციური პარტიები. შესაბამისად ფაქტი, რომ საბიუჯეტო თანხები დეპუტატის ოჯახის ანგარიშზე ირიცხება, მათ არ გაჰკვირვებიათ.

ენზელ მკოიანის ოჯახის კომპანია საწვავით უკვე წლებია ამარაგებს ნინოწმინდის მერიის ყველა სამსახურსაც. მუნიციპალიტეტის მერი დეპუტატის კომპანიისგან საწვავის შესყიდვაში პრობლემას ვერ ხედავს. ამ სახელმწიფო უწყებაში შემავალი სამსახურების უმეტესობას საწვავი სხვა მომწოდებლისგან არასდროს შეუძენია.

საწვავის გარდა მკოიანების გვარი ფიგურირებს სამცხე-ჯავახეთში გზების რეაბილიტაციის პროექტებში. ამ შემთხვევაშიც უკვე წლებია ტენდერებს მაჟორიტარი დეპუტატის ოჯახის კომპანიები იგებენ. არცერთ შემთხვევაში არანაირი სამართლებრივი შედეგი არ დამდგარა.

დღის ამბები