თბილისის მერმა კახა კალაძემ ისნისა და ნაძალადევის რაიონში მცხოვრებ 19 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები გადასცა.
ისნის რაიონში, შალვა მშველიძის ქუჩა N16-ში მცხოვრები 12 ოჯახი "თბილგვირაბმშენის" თანამშრომლები არიან და აღნიშნულ მისამართზე 1992 წლიდან ცხოვრობენ. მათ უმეტესობას მუშაობის 25 წლიანი სტაჟი აქვს და მეტროს მშენებლობაში დიდი წვლილი მიუძღვით.
15 წლიანი ლოდინის შემდეგ, საცხოვრებელი ფართები დაუკანონდათ ნაძალადევის რაიონში, ვასილ თამარაშვილის ქუჩა N38-ში მცხოვრებ 7 ოჯახსაც.
ოჯახები საცხოვრებელ ფართებს სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად მიიღებენ. კახა კალაძის მერობის პერიოდში, საცხოვრებელი ფართები დაახლოებით 800-მდე ოჯახს დაუკანონდა.