18 ნოემბერი 2024,   12:42
ვრცლად
გაიზრდება, თუ არა ლუკა სირაძის საქმეზე პასუხისმგებელ პირთა რაოდენობა - არასრულწლოვანის ძმა არასაკმარის მტკიცებულებებზე საუბრობს

ლუკა სირაძის საქმეზე სახელმწიფო ინსპექტორის მიერ გავრცელებულ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე მარიანა ჩოლოიანის გარდა პასუხისმგებლობა შესაძლოა შინაგან საქმეთა სამინისტროს კიდევ ორ თანამშრომელს დაეკისროს, არასრულწლოვანის ძმა ეხმაურება. ბექა სირაძე ფიქრობს, რომ მარიანა ჩოლოიანისგან განსხვავებით სხვების დასაკავებლად მტკიცებულებები არასაკმარისია:

"პირადად ჩემთან კავშირზე არ გამოსულა, ჩემ ძმას ემუქრებოდა ჩემით, რომ მე პრობლემებს შემიქმნიდა აკადემიაში, არ არის საკმარისი მტკიცებულებები, რის საფუძველზეც შეიძლება მოხდეს მათი დაკავება, მარიანა ჩოლოიანის წინააღმდეგ არის, მეც და სხვებიც შეიძლება ვფიქრობდეთ, რომ კიდევ სხვა ბევრი ვინმე იყოს, მაგრამ მტკიცებულების გარეშე ვერ დაუმტკიცებ," - განაცხადა ბექა სირაძემ.

შეგახსენებთ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის წარმოებაში არსებული შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებლის მ.ჩ.-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმე არსებითი განხილვის მიზნით თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიგზავნა. როგორც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე მარიანა ჩოლოიანის გარდა პასუხისმგებლობა შესაძლოა შინაგან საქმეთა სამინისტროს კიდევ ორ თანამშრომელს დაეკისროს.

დღის ამბები