არასრულწლოვნის გატაცების გამო დაკავებულ ორ ახალგაზრდას დღეს ბრალს ოფიციალურად წაუყენებენ. მოგვიანებით, მათთვის აღმკვეთი ღონისძიების საკითხს უკვე სასამართლო გადაწყვეტს. დანაშაული კახეთში, სოფელ იორმუღანლოში მოხდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ გოგონას გატაცების მიზეზი მისი დაოჯახება იყო. გამოძიება ჯგუფურად არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს. არ არის გამორიცხული დაკავებულებს ბრალი კიდევ უფრო დაუმძიმდეთ
არასრულწლოვანი გოგონას ოჯახის უფლებების დამცველი, ადვოკატი თამუნა ლუკავა ითხოვს, რომ დაზარალებულის სტატუსი მიენიჭოს გატაცებული გოგონას დასაც:
"დამატებითი მოთხოვნა არის ის რომ ასევე დაზარალებულად იქნეს ცნობილი გოგონას და, რომელიც მას ახლდა გატაცების მომენტში, ვინაიდან მას მიაყენეს ფიზიკური დაზიანებები. ვიმედოვნებთ, რომ ასევე ამ კვალიფიკაციას დაემატება სხვა მუხლებიც და მოხდება ბრალის დამძიმება," - განაცხადა ლუკავამ.
"აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით არასრულწლოვან გოგონას უკვე მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი და გამოიკითხა დაზარალებულის სახით. დამნაშავე პირებიდანაც ერთი არის სრულწლოვანი, ორი კი არასრულწლოვანი. გოგონას პოზიცია არის უცვლელი და ითხოვს, რომ დამნაშავეები მკაცრად იქნენ დასჯილი," - აცხადებს ადამიანის უფლებათა ცენტის იურისტი ლია ხუროშვილი.