18 ნოემბერი 2024,   12:36
ვრცლად
მიხეილ კალანდიას პროცესზე დღეს ერთ-ერთი მსჯავრდებულის, გიორგი ჯანაშიას დედა დაკითხეს

საქალაქო სასამართლოში დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობისთვის ბრალდებულ მიხეილ კალანდიას პროცესი გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარის მეირ წარმოდგენილი მოწმე, მსჯავრდებული გიორგი ჯანაშიას დედა დაიკითხა.

დღეს უნდა დაკითხულიყო თავად კალანდიაც, თუმცა იმის გამო, რომ უზენაესმა სასამართლომ მისი ადვოკატის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და არ გადასცა მსჯავრდებული ჯანაშიასა და ბარბაქაძის მიმართ 28 იანვრის განაჩენი სასამართლოს სხდომის ოქმთან ერთად, დაცვის მხარემ დაკითხვაზე უარი განაცხადა.

მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა, რომელმაც სხვა პირების დაკითხვა მოითხოვა.

პროკურორი ბესიკ ქვარცხავა აცხადებს, რომ მსჯავრდებული გ.ჯ-ს დედა მოწმის სახით უკვე დაიკითხა, თუმცა მისი თქმით, ეს საქმეს არავითარ დამატებით დეტალს არ სძენს.

"უშუალოდ დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარემ წარმოადგინა მტკიცებულებად ერთ-ერთი მსჯავრდებულის კერძოდ გ.ჯ-ს დედა, რომელიც დაიკითხა დისტანციურად მოწმის სტატუსით. აღნიშნულმა მოწმემ ისაუბრა გარკვეულ გარემოებებზე, თუმცა ეს საქმესთან მიმართებაში არაფერს ამტკიცებს და არც უარყოფს,"- განაცხადა პროკურორმა.

მიხეილ კალანდიას ადვოკატი ზურაბ თოდუა აცხადებს, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია. მისი თქმით, მოსამართლეს შეეძლო გადაწყვეტილების მიღება შუამდგომლობაზე, თუმცა ეს არ გააკეთა.

"პრეცენდენტის შექმნა მოსამართლეს შეეძლო, თუმცა რადგან ეს არ გააკეთა, ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ის პოლიტიკური ძალები, რომლებმაც მიაღწიეს გიორგი ჯანაშიასთან ასეთი სამარცხვინო განაჩენის დაყენებას, არ არის გამორიცხული იგივე ძალები მოქმედებდნენ სასამართლოში. მოსამართლეც გახადეს იძულებული, რომ მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება და არა სამართლიანი," - განაცხადა ზურაბ თოდუამ.

დღის ამბები