18 ნოემბერი 2024,   12:26
ვრცლად
"თუ საპატრიარქო არ ჩაერევა, ჩემს ძმას სასჯელს გადაუვადებენ"- დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა

დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმის განცხადებით, თუ საპატრიარქო პროცესებში არ ჩაერევა, სავარაუდოდ, სასამართლო დეკანოზისთვის სასჯელის გადავადების გადაწყვეტილებას მიიღებს. 

"ზონდერ დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, რომელიც გამოვიდა და თქვა, რომ დეკანოზს არაფერი არ სჭირს და პირველმა გაავრცელა ის, რომ ვითომ და ჩემი ძმა სიმულიანტობს. აქედან გამომდინარე, თუკი საპატრიარქო არ ჩაერევა ამ მომენტში, უკვე სასჯელის გადავადებაში, ვფიქრობ, რომ გაათავისუფლებენ, რადგან სასამართლოს არ დარჩება სხვა გზა, რომ ჩემი ძმა მძიმე, პარალიზებულ მდგომარეობაში არ გამოუშვას,"- განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის სასჯელის გადავადების თხოვნით "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" სასამართლოს დღეს მიმართავს. არასამთავრობო ორგანიზაციის დირექტორის, თამთა მიქელაძის თქმით, მსჯავრდებული სასულიერო პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის განსხვავებულ სამედიცინო დახმარებას საჭიროებს.

"სწორედ იმის გამო, რომ დეკანოზი უკვე რამდენიმე წელია არის ძალიან მძიმე პოლიტიკური დევნის მსხვერპლი, როგორც სამართალდამცავი ორგანოების, ასევე კლერიკალური ხელისუფლების მხრიდან და ახლა, როდესაც ის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, შეიძლება ითქვას, რომ უარესდება და ექსპერტების ნაწილი ლაპარაკობს მისი ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესების რისკებზე, მათ შორის ატროფიის ნიშნებზე ბოლო თვეებში, ჩვენ ჩავთვალეთ, რომ იქნებოდა აბსოლუტურად ჰუმანური და სამართლიანი, თუ თბილისის საქალაქო სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას სასჯელის გადავადებაზე,"- განაცხადა თამთა მიქელაძემ.

EMC-ის სისხლის სამართლის ადვოკატი ქეთი ჩუთლაშვილი განმარტავს, რომ მსგავს შემთხვევებში საქართველოს კანონმდებლობა გადავადების მექანიზმების ამოქმედების შესაძლებლობას იძლევა.

"საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 283-ე მუხლი ითვალისწინებს ამგვარ მექანიზმს და ამ მუხლში მითითებულია, რომ იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ეს ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს უშლის სასჯელის მოხდას, რაც დადასტურებულია შესაბამისი სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, მსჯავრდებულის მიმართ დადგენილი განაჩენის აღსრულების გადავადების უფლება გააჩნია სასამართლოს,"- განაცხადა ქეთი ჩუთლაშვილმა.

ავტორი: დავით ცაგარელი

დღის ამბები