სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ოკუპირებულ ორჭოსანთან მანათობელი სასიგნალო მაშხალის გასროლა, რუსული ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენჯერმე განხორციელდა.
ფაქტის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის რედაქტორი, საბა წიწიკაშვილი დეტალურად აღწერს გასროლის ფაქტს და უჩვეულო ვითარებას, რომლიც მან სამხედრო ბაზაზე შენიშნა.
"ჩემი დაკვირვებით სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობდა და ორი მანქანა საპირისპირო მხრიდან მოძრაობდა. ერთი ყარაფილას მეორე კი ხურვალეთი-ორჭოსანის მხრიდან. ეს მანქანები ერთმანეთს შეხვდნენ და სიღრმეში შევიდნენ. ჩემი იქ ყოფნის პერიოდში 5 ან 6 გასროლა მოხდა. ამ ტერიტორიის ზევით, ფერდობის მაღლა არის სამხედრო ბაზა, რომელიც თითქოს ისე არ იყო განათებული, როგორც სხვა დროს არის ხოლმე. შესაძლოა მანდ მოხდა რამე," - განაცხადა ჟურნალისტმა, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის რედაქტორმა, საბა წიწიკაშვილმა.
შემთხვევა 14 თებერვალს, დაახლოებით 20:00 საათზე, მოხდა.