პრემიერმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა დღეს, ბათუმში, პოლიციელები მედლებით დააჯილდოვეს და რამდენიმე მათგანს საჩუქრად ბინები გადასცეს.
ბინები და მედლები გადაეცათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული პოლიციელის, ბუტა ანთაძის ოჯახს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაჭრილ პატრულ-ინსპექტორს, ოთარ თავართქილაძესა და მისი მეწყვილე ავთანდილ მჟავანაძეს.
ასევე, მედლებით დაჯილდოვდნენ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი მიხეილ დილიმაშვილი და პატრულ-ინსპექტორი ირაკლი იფშირაძე. მოქალაქე რაულ თებიძემ კი, რომელმაც შემთხვევის დროს დაჭრილ სამართალდამცველს დახმარება ადგილზე აღმოუჩინა, მადლობის სიგელი მიიღო.
"არანაირი წარმატება არ იქნება მიღწევადი არც ერთ სფეროში, განათლებიდან დაწყებული ეკონომიკითა და ტურიზმით გაგრძელებული და კიდევ ბევრი მიმართულებით, თუ ქვეყანაში არ იქნება სიმშვიდე, სიწყნარე და, რაც მთავარია, სამართლიანობის შეგრძნება. ბატონებო, ამას უზრუნველყოფთ თქვენ. ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ის პოლიციელები, რომლებმაც გაიღეს ყველაზე ძვირფასი - საკუთარი სიცოცხლე, როგორც გააკეთა ეს ბუტა ანთაძემ.
მახსოვს ემოციური შეხვედრები, რომელიც ჩვენ გვქონდა, პერიპეტიები, რომელიც საგამოძიებო პროცესში გამოვიარეთ და დაპირებები, რომელიც გავეცით. მერწმუნეთ, ჩვენ ამას ყველაფერს შევასრულებთ. პირველ რიგში, ქვეყნის წინაშე ვალის მოსახდელად, აგრეთვე, მისი ოჯახისა და მისი შვილების წინაშე. ხოლო ის, რაც პატრულ-ინსპექტორებმა, თავართქილაძემ და მჟავანაძემ ჩაიდინეს, არის მისაბაძი მაგალითები, რომლებიც ქართულ პოლიციაში ყოველთვის იყო, იქნება, მაგრამ რომელსაც სჭირდება ღირსეული და შესაბამისი დაფასება.
შინაგან საქმეთა სამინისტრო, მთავრობა, ვაკეთებთ იმ მინიმუმს, რისი ვალდებულებაც გვაქვს. ეს იქნება შესაბამისი ჯილდოები, სოციალური უზრუნველყოფა. ჩვენ ყველამ უნდა ვიცოდეთ ერთი რამ, ღირსეული პოლიციელის ღირსეული ყოველდღიური ცხოვრება არის, უნდა გახდეს და იყოს სახელმწიფოს ზრუნვის საგანი, რასაც ვაკეთებთ და გავაგრძელებთ," - განაცხადა გიორგი გახარიამ.