დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში 20-21 ივნისის აქციის საქმეზე დაკავებული ბესიკ თამლიანის პროცესი უნდა შედგეს. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვა იგეგმება.
ბრალდებულის ადვოკატი ლევან იოსელიანი ამტკიცებს, რომ ბესიკ თამლიანი უდანაშაულოა და საპროცესო შეთანხმებას არ დათანხმდება.
"სხვა ყველას მიმართ გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. ბესიკ თამლიანი უარს აცხადებს საპროცესო შეთანხმებაზე, აპირებს რომ ბოლომდე იბრძოლოს და დაამტკიცოს თავისი სიმართლე. ბესიკ თამლიანი უდანაშაულოა და ამას ადასტურებს 9 ტომი იმ საქმის, რომელიც მის წინააღმდეგ არის შეკერილი. ყველა ფურცელი ამ საქმეში ადასტურებს, რომ ამ ადამიანს, ის მუხლი, რომლითაც მას ედავებიან, არ ჩაუდენია. ანუ, ის თავს არ დასხმია პოლიციელს ჯგუფურად. პატიმრობაში ყოფნა არ შეიძლება გამოყენებულ იქნას პოლიტიკური ვაჭრობისთვის და ის მზად არის გააგრძელოს ციხეში ყოფნა, ოღონდ არ მოხდეს დათმობა პროპორციული არჩევნების სისტემის მიმართ,"- განაცხადა ადვოკატმა.
ბესიკ თამლიანმა ციხიდან გუშინ წერილიც გაავრცელა, სადაც წერს, რომ მზად არის გააგრძელოს უკანონო პატიმრობაში ყოფნა, რათა მისი გათავისუფლება პოლიტიკური ვაჭრობის საგანი არ გახდეს. რაც შეეხება იმავე ბრალდებით დაკავებულ სხვა პირებს - ბუდაღაშვილს, კუპრეიშვილსა და სოსელიას - მათთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა და ისინი გაათავისუფლეს.
ყველა მათგანს 20-21 ივნისის აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობაში სდებენ ბრალს.