საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მუხურის მთაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.
უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ დროისთვის სალიკვიდაციო პროცესს აგრძელებს 45 მეხანძრე-მაშველი, თუმცა, რთული რელიეფის გამო, კერებთან სახანძრო ტექნიკის მიყვანა კვლავ ვერ ხერხდება.
საგანგებოში განმარტავენ, რომ ხანძრის დასახლებულ პუნქტზე ან ტყის მასივზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს. ამ დროისთვის, ხანძარი ლოკალიზებულია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ "112"-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, სოფელ მუხურის მიმდებარედ, მთაზე ღია ცეცხლი შეინიშნებოდა. ცეცხლი ეკალბარდს, ბალახს და ბუჩქებს ეკიდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
უსაფრთხოებისა და მონიტორინგის მიზნით, ადგილზე მთელი ღამე იმყოფებოდნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.
დილიდან კი, ქრობის პროცესში ჩაერთნენ ჩხოროწყუს, წალენჯიხის, მარტვილის, აბაშის და სენაკის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, ცეცხლის გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს.