18 ნოემბერი 2024,   09:49
ვრცლად
ოპოზიციის ლიდერები აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში - რაზე იმსჯელეს არაფორმალურ შეხვედრაზე, დასკვნით დიალოგამდე ერთი დღით ადრე

ოპოზიციისა და ხელისუფლების დიალოგის დასკვნითი ფაზისთვის მზადება დღეს ამერიკის ელჩის რეზიდენციაში გაგრძელდა, ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს ოპოზიციის ლიდერები ესტუმრნენ. ინდივიდუალურ რეჟიმში მიმდინარე დღევანდელი კონსულტაციის შემდეგ, ხვალ ოპოზიცია, ხელისუფლება და დიპლომატები ერთ მაგიდასთან დასხდებიან.

"კურიერის" ინფორმაციით, აშშ-ს ელჩთან ინდივიდუალური მოლაპარაკება "ევროპული საქართველოს" გარდა კიდევ რამდენიმე პარტიის ლიდერთან გაიმართა. კონკრეტულად რა გზავნილები მიიღეს კელი დეგნანისგან, პოლიტიკოსებმა არ დააკონკრეტეს.

დღეს კომენტარი არც შეერთებული შტატების ელჩს არ გაუკეთებია, თუმცა კელი დეგნანმა საკუთარ მოლოდინებზე "რადიო თავისუფლებისთვის" მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. დიპლომატიური კორპუსი ოპოზიციისა და ხელისუფლების მხრიდან დათმობასა და შეთანხმებას ელოდება.

მოლაპარაკებამდე ერთი დღით ადრე ოპოზიცია საკუთარ მოთხოვნებზე კიდევ ერთხელ საუბრობს, პოლიტიკოსები ღიად ამბობენ, რომ შეთანხმებისთვის მზად არიან. მთავარი მოთხოვნა პროპორციულთან მაქსიმალურად მიახლოებული საარჩევნო სისტემის მიღებაა.

პოლიტიკური ტონი შერბილებული აქვს მმართველმა გუნდსაც, სადაც ხვალინდელი შეხვედრისგან კონკრეტულ გადაწყვეტილებას ელოდებიან. ხელისუფლების წევრები საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად სრული კონსენსუსის აუცილებლობაზე საუბრობენ.

ხვალ დაგეგმილი არაფორმალური შეხვედრა, შეიძლება ითქვას, რომ გადამწყვეტია. გაიმართება, თუ არა ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები ისეთი სისტემით, რომელზეც პოლიტიკური კონსენსუსი იქნება, სწორედ აქ უნდა გაირკვეს. თუ შეთანხმება შედგა - პოლიტიკოსები უკვე ორშაბათს, მოლაპარაკების მე-5 და საბოლოო რაუნდზე შეიკრიბებიან და საკუთარ გადაწყვეტილებას ოფიციალურად დაადასტურებენ.

დღის ამბები