18 ნოემბერი 2024,   15:45
ვრცლად
დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე პროკურორი დააკავეს

გენერალური პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი დ.შ. დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ პროკურორმა დ.შ-მ ბრალდებული პირისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ მოითხოვა განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამი 50 000 ლარის ოდენობით. ამასთან, პროკურორმა დ.შ-მ ადვოკატს განუმარტა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ბრალდებულს  საპროცესო შეთანხმება არ გაუფორმდებოდა.

ბრალდებულის ოჯახის წევრი პროკურორის მოთხოვნას დათანხმდა. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დ.შ-მ, საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, ბრალდებულის მამას და ადვოკატს ქრთამის სახით მთლიანობაში 20 000 ლარი გამოართვა. ქრთამის აღების დროს პროკურორი დ.შ. გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა დააკავეს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. ბრალდებულ დ.შ.-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

დღის ამბები