ირაკლი ოქრუაშვილს და ზურაბ ადეიშვილს ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალი წაუყენეს. ყოფილ მაღალჩინოსნებს, გამოძიება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.
დღევანდელ პროცესზე მხარეები მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობენ. დაცვის მხარე ბრალდების მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობას მოითხოვს. ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატის, მამუკა ჭაბაშვილის განმარტებით, სახელმწიფო ბრალდებას ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე მტკიცებულებები კანონის დარღვევით აქვს მოპოვებული.
"როდესაც მოვთხოვე, რომ სამხარაულის ბიუროში წარედგინათ ტელეფონი, რომელიც ამოიღეს ჟვანიას საქმიდან, პასუხად მივიღე, რომ ამ ნივთმტკიცების ბედი უცნობია. არ მაძლევენ საშუალებას, რომ წვდომა მქონდეს მტკიცებულებასთან და შესაბამისად ამ მტკიცებულებით ჩატარებული განჩინებებით ამოღებული ინფორმაცია, უკვე დაუშვებელი მტკიცებულებაა," - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა, მამუკა ჭაბაშვილმა.
ირაკლი ოქრუაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს ახალი ბრალი რამდენიმე დღის წინ წაუყენეს.
ორივე მათგანს ბრალი საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან რვა წლამდე ვადით.