13 სექტემბერი 2026,   21:25
ვრცლად
ლუკა სირაძის საქმეზე დაკავებული გამომძიებლის მარიანა ჩოლოიანის სასამართლო პროცესზე დღეს ბრალდების მოწმეები დაიკითხება

ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში 15 წლის მოზარდის ლუკა სირაძის საქმეზე დაკავებული გამომძიებლის მარიანა ჩოლოიანის სასამართლო პროცესი უნდა დაიწყოს, სადაც ბრალდების მხარის 2 მოწმე უნდა დაიკითხოს. თავად მარიანა ჩოლოიანი სხდომათა დარბაზში არ იმყოფება. მისი უფლებადამცველის თქმით, ჩოლოიანი დღევანდელ პროცესს იმ შემთხვევაში დაესწრება, თუ ამის საშუალებას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მისცემს.

ლუკა სირაძის ოჯახის ადვოკატი რეზო აჭარაძე იმედოვნებს, რომ გამოძიება რაიმე მტკიცებულებას მოიპოვებს, რის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება კიდევ რამდენიმე პირს წარედგინოს ბრალი.

"გაიმართება არსებითი მორიგი სხდომა, სადაც დაიკითხება სხვადასხვა მოწმე. უშუალოდ რაც შეეხება გამოძიებას, დღესაც გრძელდება და ვიმედოვნებთ, რომ რაიმე ერთი მტკიცებულება იქნება შეგროვებული, რომელიც შესაძლებლობას მისცემს გამოძიებას კიდევ რამდენიმე პირს წარუდგინოს ბრალი, რადგანაც როგორც გარდაცვლილის მშობლებმა განმარტეს, იძულების დროს არა ერთი პოლიციელი იღებდა მონაწილეობას," – აცხადებს რეზო აჭარაძე.

რაც შეეხება მარიანა ჩოლოიანის ადვოკატს, ის ამბობს, რომ თუ დაკითხვისას მოწმეები სიმართლეს იტყვიან მარიანა ჩოლოიანის უდანაშაულობა დადასტურდება.

"ბრალდების მოწმეები იკითხებიან. მე ვერ გეტყვით წინასწარ ეს ბრალდების მოწმეები რა ინფორმაციას მიაწოდებენ, თუმცა აქ ერთადერთი რაც მნიშვნელოვანია და ხაზგასასმელია, მთავარია სიმართლე თქვას ყველა მოწმემ, რომელიც იკითხება სასამართლოში და მე იმედი მაქვს, რომ  სიმართლე, რომელიც ითქმება სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე, ეს დაადასტურებს მხოლოდ ერთადერთს მარიანა ჩოლოიანის უდანაშაულობას," – აცხადებს მარიანა ჩოლოიანის ადვოკატი გაგი მოსიაშვილი.

საქმის პროკურორის ლევან ქუთათელაძის განცხადებით, პროცესზე ის მოწმეები დაიკითხებიან, რომლებიც ლუკა სირაძის მიმართ განხორციელებულ ჩვენების იძულებით მიცემის დროს სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ.

"მოწმეები ეს გახლავთ პოლიციის ის თანამშრომლები, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ 2019 წლის 10 დეკემბერს, როდესაც არასრულწლოვან ლუკა სირაძის მიმართ განხორციელებული იქნა ფსიქოლოგიური ჩვენების მიცემის იძულებასთან დაკავშირებით. ეს მოწმეები არიან ის მოწმეები, რომლებიც ამ ეტაპზე 2019 წლის 10 დეკემბერს იმყოფებოდნენ პოლიციის განყოფილებაში. ამ ეტაპზე არ არსებობს ამ მოწმეების სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი არ განიხილება," - აღნიშნა ლევან ქუთათელაძემ.

დღის ამბები