რესპუბლიკური საავადმყოფო საკარანტინო ზონიდან მწვავე პაციენტების და მძიმე შემთხვევების მიღებაზე გადავიდა.- განცხადება სამედიცინო დაწესებულების წარმომადგელობამ ოფიციალურად გააკეთა.
ამ დროისთვის, კლინიკაში კორონავირუსის შემთხვევა არ დადასტურებულა, თუმცა დღის განმავლობაში პასუხს ელოდებიან 8 პაციენტზე. ეს არ არის ერთადერთი სივრცე, სადაც საეჭვო პაციენტებზე დადასტურებულ შედეგს ელოდებიან - ცოტა ხნის წინ, კიდევ ერთი განცხადება გაკეთდა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში.
"მესამეული გადაცემები უკვე დაფიქსირებულია ქვეყანაში და ჯერჯერობით მეოთხეული შემთხვევები არის თუ არა, მიმდინარეობს ღრმა კვლევა. ნებისმიერ დახურულ სივრცეში ბევრი ადამიანის თვმოყრა არის რისკი. ჩმთელი მსოფლიო ამას აკეთებს და შეზღუდვები მანამდე უნდა დავაწესოთ, ვიდრე ის იქნება ქვეყანაში, რა მდგომარეობაც სხვაგან არის,"-აცხადებს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე.
"ჩვენთან, საკარანტინო ზონიდან, რომლებიც დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდნენ, რჩება 12 ადამიანი. მათგან არცერთს COVID-19 არ დაუდასტურდა, ამჟამად კლინიკა გადასულია მწვავე და მძიმე პაციენტების მიღებაზე. ამ ეტაპზე არის 29 პაციენტი, ამათგან 1 არის საყურადღებო.
15 საწოლი გვაქვს სარეანიმაციო განყოფილებაში მზად და 71 საწოლი გვაქვს სტაციონარში. აქედან, 29 დაკავებულია და მზად ვართ მივიღოთ პაციენტები,"-აცხადებს რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმღები განყოფილების უფროსი თეა თავართქილაძე.
ბათუმში "კოვიდ 19"-ით დაინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში განმარტავენ, რომ მას გართულებები არ აღენიშნება. რაც შეეხება კიდევ ერთ პაციენტს, რომელიც ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ შეიყვანეს, მისი ანალიზის პასუხი, დღის ბოლმდე გახდება ცნობილი. პაციენტი, ამ დროისთვის, ბოქსირებულ განყოფილებაში ექიმების განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშ იმყოფება.