თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, სამარშუტო ტაქსის მძღოლები, რომლებიც ახლა არ მუშაობენ ანაზღაურების გარეშე არ დარჩებიან.
"ჩვენ ვმუშაობთ, რამდენიმე მიმართულებით საბანკო სექტორთან ერთად და მინდა ხაზი გავუსვა, რომ მძღოლები, რომლებიც ახლა აღარ მუშაობენ ანაზღაურების გარეშე ამ რთულ პერიოდში არ დარჩებიან. გადაწყვეტილება კი იქნება ცნობილი, როგორც მედიისთვის ასევე საზოგადოებისთვის,"- განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, დღეიდან მიკროავტობუსების მგზავრების მომსახურება მთელი ქვეყნის მასშტაბით, დროებით აიკრძალა.
ცვლილებები შევიდა სხვა მუნიციპალური ტრანსპორტის მომსახურების პირობებშიც. დღეიდან ავტობუსით მოსარგებლე მგზავრები ტრანსპორტში ასვლას მხოლოდ უკანა კარიდან შეძლებენ, მძღოლები კი მათგან იზოლირებული სივრცით იქნებიან განცალკევებულები.