კორონავირუსით გამოწვეული პრობლემების მიუხედავად, კარანტინში მყოფი პედაგოგები გაკვეთილებს მაინც ატარებენ.
კერძო სკოლებისგან განსხვავებით საჯარო სკოლებში დისტანციური სწავლების დაწყების პრობლემა დგას. განსაკუთრებით ეს რთული აღმოჩნდა რეგიონებში.
საკითხზე განათლების სამინისტრო უკვე მუშაობს და სასწავლო პროცესის მორიგი გადავადების შემთხვევაში, სხვადასხვა ქვეყანაში აპრობირებული მეთოდის დანერგვას აპირებს.
დისტანციური და სინქრონული სწავლების ხერხი უკვე აითვისა საჯარო სკოლების ნაწილმა, თუმცა ინტერნეტთან წვდომის შეზღუდვის გამო პრობლემა ექმნებათ რეგიონში არსებულ სკოლებს.
ბათუმის საკარანტინო ზონაში მყოფ ინგლისური ენის პედაგოგს იზოლაციაში მოხვედრამ სასწავლო პროცესის გაგრძელებაში ხელი ვერ შეუშალა.
ნინო აფციაური ორ კოლეგასთან ერთად სამოგზაუროდ ესპანეთში იმყოფებოდა. წითელი ზონიდან დაბრუნების შემდეგ კი, ორი სკოლის სამი პედაგოგი გაკვეთილების ჩატარებას საკარანტინო სივრციდან, დისტანციურად განაგრძობს.
კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებებისგან განსხვავებით, დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა ჯერ კიდევ პრობლემას წარმოადგენს საჯარო სკოლებისთვის.
მიზეზი მოსწავლეთა სიმრავლე და ინტერნეტთან წვდომის არარსებობაა. თუმცა, რეგიონების იმ წერტილებში, სადაც ონლაინ მუშაობა შეუძლებელია, პედაგოგები მოსწავლეებს საშინაო დავალებებს სხვადასხვა გზით მაინც აძლევენ.
შეჩერებული სასწავლო პროცესის მიუხედავად, საქართველოში საგანმანათლებლო რეფორმა ხორციელდება და დისტანციური სწავლების პრაქტიკა ინერგება.