18 ნოემბერი 2024,   19:24
ვრცლად
850 000-ზე მეტი ინფიცირებული და 42 000-ზე მეტი გარდაცვლილი - როგორია COVID-19-ის ბოლო სტატისტიკა მსოფლიოში

ინფიცირების 850 000-ზე მეტი შემთხვევა და 42 000-ზე მეტი გარდაცვლილი - ასეთია COVID-19-ის ბოლო სტატისტიკა მსოფლიოში. შეერთებულ შტატებში ბოლო 24 საათში 865 ადამიანი გარდაიცვალა, რაც ქვეყანაში ერთ დღეში ყველაზე დიდი მაჩვენებელია. შტატებში ვირუსს საერთო ჯამში 3 800-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა და ამ მონაცემით ჩინეთს გადაუსწრო. სიტუაციის კიდევ უფრო გართულებაზე საუბრობს შეერთებული შტატების პრეზიდენტი. თეთრ სახლში ვარაუდობენ, რომ კორონავირუსს ამერიკაში შესაძლოა 100 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლოს.

გარდაცვალების 800-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა იტალიაში. ქვეყანაში, საერთო ჯამში, 12 000-ზე მეტი ადამიანია დაღუპული და ინფიცირების 105 000-ზე მეტი ფაქტი ფიქსირდება.

ბოლო ერთ დღეში ინფიცირების 8 000-მდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა ესპანეთში. მონაცემები მატულობს საფრანგეთში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთსა და სხვა ქვეყნებში. გარდაცვალების პირველი შემთხვევები დაფიქსირდა სალვადორსა და მიანმარში. გაეროს გენმდივანი პანდემიას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდ გამოწვევად აფასებს.

 კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევებმა იმატა საქართველოს მეზობელ ქვეყნებშიც. ბოლო მონაცემებით, ვირუსს თურქეთში სულ 214, რუსეთში - 17, აზერბაიჯანში - 5 და სომხეთში 3 ადამიანი ემსხვერპლა. მსოფლიოში კორონავირუსისგან სულ 178 000-ზე მეტი პაციანტია გამოჯანმრთელებული.

დღის ამბები