18 ნოემბერი 2024,   07:20
ვრცლად
ტემპი უნდა გააძლიეროთ და ტემპთან ერთად უნდა გააძლიეროთ ხარისხი - პრემიერი აჭარის საგანგებო შტაბთან შეხვედრაზე

ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა პირველი ზარი უნდა იყოს იმისთვის, რომ ყველა გამოვფხიზლდეთ - რიგითი მოქალაქე, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი, მთავრობა, ადგილობრივი ხელისუფლება, რადგან, თუ ყველა ერთად არ დავირაზმეთ უხილავ მტერთან საბრძოლველად, სხვანაირად შეუძლებელია; ტემპი უნდა გააძლიეროთ და ტემპთან ერთად უნდა გააძლიეროთ ხარისხი - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, აჭარის საგანგებო შტაბთან შეხვედრისას განაცხადა.  

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ვირუსთან ბრძოლის ნაწილში ქვეყანამ უნდა გაიმარჯვოს ისე, რომ შეინარჩუნოს ეკონომიკა და მას  მინიმალური ზიანი მიადგეს.

"თქვენი ყველაზე მნიშვნელოვანი რისკი დღეს არის სარფიდან ახლად შემოსული ჩვენი  მოქალაქეების კონტროლი, რომლებიც მაშინვე გადადიან კარანტინში. დღეს აჭარაში კარანტინში მოქალაქეთა დიდი რაოდენობაა და მათი თერმოსკრინინგი უკიდურესად მნიშვნელოვანია. ეს არის ყველაზე მარტივი, სწრაფი და რაც მთავარია, ობიექტური ინსტრუმენტი, როგორ შეიძლება გამოვავლინოთ რისკის შემცველი შემთხვევები. თქვენ უნდა იცოდეთ ერთი რამ, აჭარაში რაღაც პერიოდის განმავლობაში, რაღაც რაოდენობით COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტები გეყოლებათ. ვერავინ გეტყვით, ეს იქნება, ერთი თვე, სამი თვე, 6 თვე თუ ერთი წელი. ჩვენი  ამოცანაა, ამ პროცესთან ადაპტაცია და მისი მართვა ისე, რომ სხვა თანმდევი პროცესები - სახელმწიფოს ფუნქციონირების, ბიზნესის, ეკონომიკის, ტურიზმის, ჩვეულებრივი  სამოქალაქო ცხოვრების - ნელ-ნელა აღვადგინოთ.

კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ერთდროულად გავიმარჯვოთ ამ ორივე ფრონტზე - ჯანმრთელობა, ადამიანის სიცოცხლე და ეკონომიკა. მხოლოდ ჯანდაცვის ნაწილში წარმატებას არანაირი ფასი არ ექნება, თუ ჩვენ საბოლოოდ გავანადგურეთ ჩვენი ეკონომიკა. ჩვენ ამ ვირუსთან ბრძოლის ნაწილში უნდა გავიმარჯვოთ ისე, რომ შევინარჩუნოთ ეკონომიკა და მას მივაყენოთ მინიმალური ზიანი. დღეის მდგომარეობით, აჭარის ეკონომიკას ტურისტული სეზონის ფაქტობრივად გაუქმების შედეგად ძალიან დიდი ზიანი ადგება. მოთხოვნა-მიწოდების სტრუქტურა ქვეყანაში და გლობალურადაც შეიცვლება და ამისთვის ყველა მზად უნდა ვიყოთ. ჩვენი პირველი ამოცანაა, გავუმკლავდეთ ვირუსს და მეორე ამოცანაა, ეს გავაკეთოთ ისე, რომ მინიმალური ზიანი მივაყენოთ ეკონომიკას და შევინარჩუნოთ ეკონომიკის სწრაფი ზრდის პოტენციალი," - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

პრემიერ-მინისტრმა ჯანდაცვის ნაწილში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მზადყოფნის დონე ერთ-ერთ საუკეთესოდ შეაფასა. 

"ჯანდაცვის ნაწილში, აჭარის მზადყოფნა ერთ-ერთი საუკეთესოა და ამაში ჯანდაცვის მინისტრიც დამეთანხმება. მაგრამ, ეს არ არის თვითკმაყოფილების საფუძველი. ეს ტემპი უნდა გააძლიეროთ და ტემპთან ერთად უნდა გააძლიეროთ ხარისხი. ჩვენ ვართ, ერთის მხრივ, უკიდურესად ფრთხილები, მაგრამ, მეორეს მხრივ, უკიდურესად უკომპრომისოები," - განაცხადა გიორგი გახარიამ.


პრემიერ-მინისტრმა საგანგებო შტაბთან შეხვედრისას ასევე ისაუბრა ვირუსით გარდაცვალების პირველ შემთხვევაზე და დაღუპულის ოჯახს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა. 

მთავრობის მეთაურმა ჯანდაცვის სისტემის მზადყოფნასთან ერთად, ასევე ხაზი გაუსვა საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვების აღსრულების მნიშვნელობას და აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსს ამ კუთხით კონტროლის გამკაცრება დაავალა.

დღის ამბები